საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის დელეგაციას შეხვდა, სახელმწიფო სასაქონლო ბირჟის დირექტორის, იუსუპ ამანსარიევის ხელმძღვანელობით.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა თურქმენეთის ელჩი საქართველოში დოვლეთმურატ მურატოვი. შეხვედრის მთავარ მიზანს ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა.
როგორც bm.ge-ს კორპორაციიდან აცნობეს, სტუმრებმა სფეროს პოტენციალისა და რეგიონში საქართველოს სატრანზიტო როლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. განსახილველ თემებს შორის იყო ნავთობპროდუქტების სატრანზიტო პროცედურების გამარტივება და მოცულობის გაზრდა. აგრეთვე, ნავთობპროდუქტების იმპორტი, საქართველოში მის გადამუშავებასა და დარეზერვებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივი განხორციელება.
გიორგი ჩიქოვანმა სტუმრებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მუშაობის პრინციპი, მიმდინარე დღის წესრიგი და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. დეტალურად ისაუბრა კორპორაციის როლზე ქვეყნის ენერგოსტაბილურობის საქმეში. მან ენერგოსექტორის დივერსიფიცირების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით დასახულ მიზნებსაც შეეხო.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენელმა აღნიშნა ბუნებრივი გაზითა და მისგან წარმოებული პროდუქტებით ვაჭრობაში ორ ქვეყანას შორის დაწყებული წარმატებული საქმიანობის გაღრმავების აუცილებლობა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირეს და ერთობლივი სამუშაო პროცესის დინამიურად განვითარების სურვილი გამოთქვეს. დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ხელმძღვანელი პირები და სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენლები.
(NS)




























