მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიას პირი ტენდერის ან აუქციონის გარეშეც მიიღებს - კანონპროექტი

63a054e80271c
ელენე გოგბერაშვილი
19.12.22 17:30
686
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია შესაძლოა, პირმა ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშეც მიიღოს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დღეს დაიწყო პარლამენტის წევრების ინიციატივით მომზადებული „ნავთობისა და გაზის“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა, რომლის თანახმადაც განიხილება ტენდერის გარეშე ლიცენზიის გაცემა პირზე, რომელიც მომიჯნავე ფართობზე ანალოგიური ლიცენზიის მფლობელია.

დღეს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ტენდერის ან აუქციონის გზით გაიცემა. წარმოდგენილი კანონპროექტით კი დგინდება წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში მომიჯნავე ფართობის ანალოგიური ლიცენზიის მფლობელზე ლიცენზია ტენდერის/აუქციონის გარეშე გაიცემა. ეს ხდება მაშინ, როცა ფართობზე არსებული ბუნებრივი რეზერვუარის საზღვრები სცდება ფართობის საზღვრებს და გადადის თავისუფალი წიაღის ნაწილზე ან როცა, ფართობზე დაგეგმილი კონკრეტული ნავთობისა და გაზის ოპერაციის განხორციელება შეუძლებელია ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე. კიდევ ერთი წინაპირობა საფუძვლიანი გეოლოგიური მოსაზრებები შეიძლება იყოს.

საკომიტეტო განხილვის დროს ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რატომ დადგა დღის წესრიგში კანონში მსგავსი ცვლილებების განხორციელება და ხომ არ ემსახურება ეს რომელიმე ინვესტორის/ლიცენზიანტის ინტერესებს.

ნავთობისა და გაზის სააგენტოს იურიდული დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები კონკრეტული პირების ინტერესით არ არის მოტივირებული და ამით საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებთან მოდის შესაბამისობაში.

„ევროკავშირის დირექტივიდან არის წამოსული ეს ინიციატივა. არსებული დირექტივის მიხედვით, ყველა მხარე ყველა მხარე ვალდებულია თავის კანონმდებლობაში აისახოს ის პრინციპი, როცა არსებული ლიცენზიის მფლობელს შესაძლებლობა ეძლევა თავისუფალ სალიცენზიო ბლოკზე, თუ არსებული ბლოკი არის მომიჯნავე ტერიტორია მის ხელთ არსებული ლიცენზიისა, ტენდერის/აუქციონის ჩატარების გარეშე მიიღოს უფლება აწარმოოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები ამ თავისუფალ ტერიტორიაზე. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კანონში დირექტივით გათვალისწინებული არსებული ნორმა არ იყო და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ და აუცილებლად, რომ აღნიშნული ცვლილება განხორციელებულიყო და ნავთობისა და გაზის კანონში ასახულიყო ის ნორმა, რომელსაც ითვალისწინებს დირექტივა“,- განმარტავს გიორგი კვინიკაძე, ნავთობისა და გაზის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

bm.ge-ს კითხვაზე, რა პრობლემებს ქმნიდა ტენდერისა თუ აუქციონის გზით ინვესტორისთვის ლიცენზიის გადაცემა, გიორგი კვინიკაძე განმარტავს:

„ტენდერის გამოცხადება არის დროში გაწელილი პროცესი, აგრეთვე ხარჯებთან არის დაკავშირებული. 6 თვე, 1 წელიწადი მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაც თავისთავად აფერხებს ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცედურას".

bm.ge-მ გიორგი კვინიკაძეს ასევე ჰკითხა, რა ხდება მაშინ, როცა მომიჯნავე ტერიტორიის მიმართ სხვა ინვესტორიცაა დაინტერესებული. როგორც ნავთობისა და გაზის სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი მათ შორის იქნება ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი ბონუსი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. ბონუსის ოდენობა როგორც ამჟამად, ისე კანონპროექტის მიღების შემდეგ ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებული იქნება ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის/რეზერვების შეფასებასა და სხვა კრიტერიუმებზე.

„თუ სხვასაც აქვს ინტერესი მომიჯნავე ფართობზე, თუ ორი მომიჯნავე ტერიტორია არის, ვინც უფრო მეტ სახელშეკრულებო ბონუსს და გეგმას წარმოადგენს თავის განაცხადში, სავარაუდოდ იმას მიეცემა [ლიცენზია]“,-განმარტავს კვინიკაძე.

აღსანიშნია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, ნავთობისა და გაზის სააგენტოს მოაკლდება ტენდერში მონაწილე ინვესტორების მიერ ტენდერში მონაწილეობის საფასურის სახით გადახდილი თანხები იმ პირებისგან, რომლებიც მოექცევიან აღნიშნული კანონპროექტის რეგულირების ქვეშ. ეს საფასური თითოეული მონაწილისთვის 10 000 ლარს შეადგენს. ამასთან სააგენტო დაზოგავს იმ ხარჯებს, რაც გამოცხადებული ტენდერის საერთაშორისოდ აღიარებულ საინფორმაციო წყაროებზე განთავსებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები