ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთის მთავრობას საგანგებოდ მიმართავს. ე.წ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მიქვაბიამ TASS-თან განაცხადა, რომ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთის სახელმწიფო ორგანოებს საგანგებოდ მიმართეს.
საქმე ის არის, რომ გასული წლის ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების უმსხვილესმა იმპორტიორმა კომპანია АЗиД-მა მიწოდების შეზღუდვის გამო თავის ბენზინგასამართ სადგურებზე გარკვეული ტიპის საწვავის რეალიზაცია შეაჩერა, რადგან რუსეთმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საწვავის ექსპორტზე ექვსი თვის განმავლობაში ექსკლუზიური უფლება "როსნეფტსა" და მის შვილობილ კომპანიებს მიანიჭა.
აფხაზური კრიტიკული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების დეფიციტი გრძელდება, მიქვაბია კი ირწმუნება, რომ ჯერჯერობით საწვავის დეფიციტი არ არის, თუმცა "პრობლემაა ისაა, რომ ყველა ადგილობრივ კომპანიას და ბენზინგასამართ სადგურს მუშაობა არ შეუძლია".
"ჩვენ რუსეთის რიგ სახელისუფლებო სტრუქტურებს მივმართეთ, რომ ნავთობპროდუქტების უწყვეტი მიწოდების საქმეში დაგვეხმარონ. მათ ვერაფრის გაკეთება მოასწრეს წლის ბოლომდე და ველოდებით. იქნებ, პირველ სამუშაო დღეებში რაიმე სახის რეაგირება ჰქონდეთ", - აცხადებს მიქვაბია.