სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, დენისა საკოვამ დღეს განაცხადა, რომ სლოვაკეთში, უკრაინის გავლით, ნავთობსადენ "დრუჟბის" მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება განახლდა.
"ეკონომიკის სამინისტრო გაცნობებთ, რომ დღეს 02:00 საათზე სლოვაკეთმა ნავთობსადენ "დრუჟბის" გავლით ნავთობის მიღება განაახლა", - აღნიშნა საკოვამ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს დადასტურება ასრულებს უკრაინას, ევროკავშირს, უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას. კერძოდ, "დრუჟბით" იაფი რუსული ნავთობის ტრანზიტი იანვრის ბოლოს მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა.
აღნიშნული დადასტურების შემდეგ, სავარაუდოდ, განიბლოკება უკრაინისთვის განკუთვნილი 90-მილიარდიანი სესხი, რომელსაც უნგრეთი და სლოვაკეთი თებერვლიდან ვეტოს ადებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სესხზე შეთანხმება თავდაპირველად დეკემბერში შედგა.
თანხის გაცემა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იგეგმება.
უნგრულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა MOL-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მილსადენის უკრაინული მონაკვეთის ოპერატორმა, Ukrtransnafta-მ აცნობა, რომ "დღეს შუადღისას უკრაინაში ბელარუსიდან ნავთობსადენ "დრუჟბას" სისტემის გავლით ნედლი ნავთობის მიღება დაიწყო".
ნავთობსადენი "დრუჟბა", რომლითაც სლოვაკეთსა და უნგრეთში იაფი რუსული ნედლი ნავთობი
შედის, იანვრის ბოლოს რუსული დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანების გამო გაჩერდა.
ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ კიევი ტრანზიტის განზრახ შეფერხებაში დაადანაშაულეს. უკრაინის განცხადებით კი, მიწოდების შეჩერება მილსადენის შეკეთების აუცილებლობით იყო გამოწვეული.




























