მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობზე უფრო მაღალი ფასებია მოსალოდნელი - მიმოხილვა

62a61fba6fbf7
ეგნატე შამუგია
13.06.22 12:10
4114
ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რომლის უმთავრესი მიზეზი 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და შედეგად, მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომია. კერძოდ, განუსაზღვრელობა მიწოდების მხარეს უკავშირდება: როგორი ეფექტი ექნება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ნავთობის წარმოებაზე და რა გადაწყვეტილება მიიღებს ნავთობის ექსპორტიორთა კავშირის ქვეყნები. აღნიშნულმა ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად შეცვალა და მომავლის პროგნოზი გაართულა. ბაზარზე მიწოდების შეფერხების მოლოდინით, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ბარელზე ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. მარტის პირველ პერიოდში ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 130 დოლარსაც აღწევდა.
 
სწორედ მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ ივნისში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 118 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია. წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით, მიმდინარე პროგნოზით ივნისში მოსალოდნელი საშუალო ფასი 11 აშშ დოლარით მეტია. ამის მიზეზი, უპირველესად, ნავთობის რეზერვების დაბალი ნიშნულების ფონზე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა, მიმდინარე ომი და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია. უშუალოდ, ივნისში უფრო მაღალი ფასის მოლოდინები დასახლებულ მიზეზებთან ერთად ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მკვეთრი შემცირების ანონს და შანხაისა და პეკინში კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება.

ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

მაისში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ღირებულებამ ბარელზე 112.6 აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილის ფასს ბარელზე 8.1 აშშ დოლარით აღემატება. უშუალოდ წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით მაისში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა 4.6 დოლარით მეტი შეადგინა. ჯერ კიდევ მაისში ბარელზე ფასი საშუალოდ 108 აშშ დოლარით იყო პროგნოზირებული. მაისშიც ფასების ზრდა ზემოთ ხსენებულ ფაქტორებს უკავშირდება.

გასულ თვეს ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 64.4%-იანი ზრდაა. აღნიშნული აბსოლუტურ გამოხატულებაში 44.1 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან 2021 წლის მაისში ნავთობის საშუალო ფასი 68.5 აშშ დოლარი იყო. ამავე წლის აპრილში ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება საშუალოდ 64.8 დოლარი იყო, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 104.6 დოლარის აღწევდა. შესაბამისად, აპრილში ნავთობის საშუალო ფასის წლიური ზრდა უფრო ნაკლები, 61.4% იყო.

საშუალოვადიან პერიოდში ნავთობის ფასის უფრო მაღალი ნიშნულია მოსალოდნელი. წლის მეორე კვარტალისთვის ბარელზე საშუალოდ 111.7 აშშ დოლარია პროგნოზირებული. წინა თვის პროგნოზით, მეორე კვარტალი საშუალოდ 106.5 დოლარით იყო ნავარაუდევი. 100-დოლარიან ნიშნულზე ნაკლები კი, მომდევნო წლის თებერვლიდან არის მოსალოდნელი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებული განუსაზღვრელობის პირობებში საპროგნოზო ნიშნულები მეტად სენსიტიურია და გრძელვადიანი პროგნოზები გართულებული. ნავთობზე მაღალი ფასები, 2022 წლის მეორე ნახევრიდან მარაგების შემცირების პირობებში, ნავთობის ბაზარზე წარმოების და მიწოდების შეფერხებას უკავშირდება, რომელიც ძირითადად რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და მასზე დაწესებული სანქციებითაა გამოწვეული.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის მაისში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 98.6 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.3 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო აპრილის საშუალო დღიურ მოხმარებას კი - 0.9 მლნ ბარელით. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საშუალო დღიური მოხმარება 3.3 მლნ ბარელით მეტია. აღნიშნულ პანდემიის პირველი წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 12.7 მლნ ბარელით აღემატება, რადგან 2020 წლის მაისში საშუალო დღიური მოხმარება 86.0 მლნ ბარელი იყო.

მიმდინარე წლის ივნისისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 100 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 0.2 მლნ ბარელით ნაკლებია. კვარტალურ ჭრილში კი ზრდაა, რადგან წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.2 მლნ ბარელით მეტი, 98.8 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დღეში საშუალოდ 2.5 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 13.1 მლნ ბარელით.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ამგვარი გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება. თუმცა, სანქციების ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა შემცირდება, რომელიც შეიძლება აზერბაიჯანით კომპენსირდეს.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.70 მლნ ბარელის ოდენობითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის პროგნოზთან შედარებით 0.02 მლნ ბარელით ნაკლებია. წლის მესამე კვარტალში კი აზერბაიჯანის საშუალო დღიური წარმოება 0.69 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ომის დაწყებამდე არსებულ პროგნოზებთან შედარებით აზერბაიჯანის მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა, თუმცა გაიზარდა ნავთობის ფასი, რაც აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი შემოსავლების მიღებაში აისახება.

რაც შეეხება რუსეთს - ის რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომლის დღიური წარმოება მეორე კვარტალში საშუალოდ 10.33 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული, რაც უკრაინაში შეჭრამდე 11.49 მლნ ბარელი იყო. ეს კი მიუთითებს, რომ გაზრდილი ფასების პირობებში რუსეთი ნავთობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, თუმცა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ½ -ის ჩანაცვლება ხუთი - საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ირანი, აშშ და ვენესუელა - ნავთობმომპოვებლის მიერ წარმოების გაზრდითაა შესაძლებელი. ამ ქვეყნებს არსებული მდგომარეობით ნავთობის მოპოვების საშუალოდ 4.8 მლნ ბარელით გაზრდა შეუძლიათ. ამ ეტაპზე, ნავთობის ექსპორტიორთა ორგანიზაციის მიერ მოპოვების დღიური დონის 0.4 მლნ ბარელით გაზრდა დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები