ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ელიან, რომ ქვეყანაში საწვავის ფასი კლება გაგრძელდება. ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა მედიაჰოლდინგ „პალიტრაში" პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კავშირის ხელმძღვანელის ცნობით, ბოლო დღეებში საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა ლიტრზე საშუალოდ 5-8 თეთრით დაიკლო.
„აგერ უკვე 5 თვეა, ფასებზე განსაკუთრებული რყევები არ შეინიშნებოდა. საკმაოდ სტაბილური იყო.
იცით, რომ მსოფლიოს სანავთობო ბაზრებზე ფასთა კლება დაიწყო. ჩვენთან მაგალითად, 5-დან 8 თეთრამდე ფასების დაწევა მოხდა. ვერავინ ვერ იტყვის და ვერავინ გაიქცევა იმაზე წინ, რომ ჩვენ რაიმე პროგნოზირებადი განცხადებები გავაკეთოთ. არავინ არ იცის და არც შეიძლება იცოდეს რა იქნება ხვალ, რა იქნება ზეგ და რა იქნება ასევე მომავალში.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ვართ და გეოგრაფიულად ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს, ჩემი მოლოდინია, რომ ცოტათი კიდევ შეიძლება ფასთა კლება მოხდეს. ჩვენ არა მხოლოდ სანავთობო ფასებს ვაკვირდებით, ასევე ვაკვირდებით დოლარისა და ლარის ურთიერთობას ერთმანეთში“, - აცხადებს იობაშვილი.
ინფორმაციისთვის, ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის განცხადებით, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:
რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,95-3,17 ლარი/ლიტრაზე;
პრემიუმი ტიპის ბენზინი - 3,13-3,32 ლარი/ლიტრაზე;
სუპერი ტიპის ბენზინი - 3,58-3,71 ლარი/ლიტრაზე;
ევრო დიზელის საწვავი - 3,21-3,33 ლარი/ლიტრაზე;
დიზელის საწვავი - 3,21-3,26 ლარი/ლიტრაზე.