მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაწილობრივი "ლოკდაუნი" მადრიდში – ახალი შეზღუდვები 3 მლნ-ზე მეტ მცხოვრებს ეხება

5f782ac973b43
თამთა ჯიჯავაძე
03.10.20 11:37
1925
მადრიდში ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ გამოცხადდა. სამ მილიონზე მეტ მაცხოვრებელს ახალი შეზღუდვები დაუწესდა. როგორც BBC წერს, ახალი რეგულაციების მიხედვით, მოსახლეობას სახლებიდან და თავიანთი უბნიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეების შემთხვევაში.

ამასთან, ბარები და რესტორნები საღამოს 22:00 საათის შემდეგ აღარ იმუშავებს. ერთ მაგიდასთან კი მაქსიმუმ ექვსი ადამიანის დაჯდომაა ნებადართული.

აღნიშნული შეზღუდვების დაწესება ესპანეთის ფედერალურმა მთავრობამ მოითხოვა. ქალაქის მთავრობა ამ რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან როგორც მადრიდის მთავრობაში განაცხადეს, ეს დედაქალაქის ეკონომიკას დაახლოებით 8 მილიარდი ევრო დაუჯდება.

რეგიონულმა პრეზიდენტმა ისაბელ დიას აიუსომ კი Twitter-ზე დაწერა: „მადლობა ქაოსისთვის, პედრო სანჩეს (პრემიერ-მინისტრი)“.

ცნობისთვის, რეგულაციები მადრიდის გარდა, დედაქალაქის შემოგარენში მდებარე კიდევ ცხრა დასახლებაში ამოქმედდა.

ესპანეთი კოვიდ-კრიზისის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ევროპული სახელმწიფოა. ქვეყანაში ამ დრომდე კორონავირუსის 810 807 შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 32 086 პაციენტი. ყოველდღიურად ქვეყანაში ათასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები