მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაყარი მიწა არაგვის პირამდეა ჩასული, ეს აშკარა კანონდარღვევაა, რაზეც თვალს ხუჭავენ - ქალაქმგეგმარებელი

GWP

თბილისს წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურმა დაზიანებამ, რომლის აღმოფხვრას ადგილზე სავარაუდოდ დიდი ოდენობით სამშენებლო ნარჩენების განთავსება აფერხებს, სამშენებლო ნარჩენების უსისტემო განთავსების პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა. წიწამურთან არსებული მაგისტრალური წყლის მილი დიდი მოცულობის ხელოვნურად ნაყარი გრუნტისგან უნდა გათავისუფლდეს, რასაც 6 დღე მაინც სჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი 63 000-ზე მეტი აბონენტი წყლის გარეშეა.

GWP-ში თავდაპირველად ამბობდნენ, რომ გრუნტი, რომელიც მაგისტრალურ წყლის მილსადენზეა და რომელიც ადგილზე სამუშაოებს ართულებს, მესამე პირების მხრიდან წლების განმავლობაში იყრებოდა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეიცვალა და ეს ყველაფერი ბუნებრივ პროცესებს დაბრალდა, კომპანიაში თქვეს, რომ საკითხის მოკვლევა დაიწყება.

ქალაქმგეგმარებლები და არქიტექტორები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენი წლების განმავლობაში იყრებოდა, რაც კანონის დარღვევაა, თუმცა ამ ფაქტზე მუნიციპალიტეტი თვალს ხუჭავდა. ქალაქმგეგმარებელი ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ პრობლემის მასშტაბურობას ყურადღება არც თავად ლიცენზიანტმა კომპანიამ მიაქცია, რაც კანონით მისი ვალდებულება იყო და მივიღეთ ის შედეგი, რის გამოც ზაფხულში, 63 000-მდე აბონენტს წყლით მომარაგება შეზღუდული აქვს.

“არსებობს კანონი წყლის შესახებ, სადაც წერია, რომ წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმი უნდა მოქმედებდეს. ამ შემთხვევაში მარტივად შეგვიძლია ვნახოთ, რომ ნაყარი მიწა არაგვის პირამდე ჩადის, ეს აშკარა კანონდარღვევაა. პრობლემა არის კანონის აღსრულებაში, არ შეიძლება ამხელა მიწის მასები, ასობით ათასობით კუბური მეტრის მოცულობის და მუნიციპალიტეტმა ეს არ იცოდეს.

ფაქტია, რომ არ ხდება კონტროლი და უფრო მეტიც, მე პირადად მიმაჩნია რომ შეუძლებელია არ იცოდნენ და ხდება თვალის დახუჭვა. რატომ და რა მიზეზით, ეს კიდევ ცალკე კითხვებს ტოვებს,”- ამბობს არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი ირაკლი ჟვანია.

ცნობისთვის: სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. შემთხვევა 17 ივნისს მოხდა. მას შემდეგ დედაქალაქის ნაწილს წყალი გრაფიკით ან საერთოდ არ მიეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები