25 ოქტომბერს NBA-ის ახალი სეზონი იწყება. თარიღთან დაკავშირებით ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელების სია გამოაქვეყნა.
რეიტინგის სათავეში მოედნის მიღმა 70 მილიონი დოლარის გამომუშავების წყალობით ლებრონ ჯეიმსი მოექცა, რომელიც ზედიზედ მეათე წელია პირველობას არავის უთმობს. Springhill Company-ის უდიდესი აქციონერისა და მასზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის “Shooting Stars”-ის პროდიუსერმა წელს 117.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და “გოლდენ სტეიტ უორირზის” მცველ სტეფ კარისთან (101.9 მილიონი დოლარი) ერთად მეორე კალათბურთელია, რომელიც ყველა სპორტის სახეობის იმ 15 სპორტსმენს შორის მოხვდა, რომელთა შემოსავალმაც ცხრანიშნა რიცხვს მიაღწია.
წელს NBA-ის 10-ი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშის ანაზღაურებამ ჯამურად 746 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 5 მილიონით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელზე. პარკეტს მიღმა შემოსავლებმა 291 მილიონი მიაღწია, რაც 12%-იანი კლებაა შარშანდელ 330 მილიონ დოლართან შედარებით. ამის მიზეზად Forbes-ი “ლოს-ანჯელეს კლიპერსის” მცველის რასელ ვესტბრუკის ათეულიდან გავარდნას ასახელებს, რომელმაც შარშან 35 მილიონი პარკეტს მიღმა საქმიანობით გამოიმუშავა. ზოგადად კი NBA მსოფლიოს უმსხვილეს ლიგებს შორის პირველ ადგილზეა სპორტული საქმიანობის მიღმა გამომუშავებული თანხებით, მაშინ როდესაც ამერიკაში NFL წლიურად 69-ს, MLB 48-ს, ხოლო NHL 13 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. რაც შეეხება საერთაშორისო ფეხბურთს ის წლიურად 236 მილიონ დოლარს იღებს, რაც 55 მილიონით ნაკლებია NBA-ის შემოსავლებთან შედარებით.
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სახელფასო ჭერი 136 მილიონს შეადგენს, მაშინ როცა 10 წლის წინ მისი მაჩვენებელი 59-ს შეადგენდა, თუმცა გადიდებული თანხების პარალელურად გაიზარდა გადასახადებიც, რომელიც 2013/14 წლებში 72 მილიონი იყო, ხოლო ახლა 165-ს აღწევს.
მომავალი სეზონიდან მხოლოდ სპორტული მიღწევებით ჯეიმსისა და კარის გარდა 50 მილიონ დოლარზე მეტს ბრედლი ბილი, ნიკოლა იოკიჩი და ჯოელ ემბიიდი მიიღებენ.
დემიენ ლილარდი კი გახდება პირველი კალათბურთელი ისტორიაში, რომლის შემოსავლებიც 2026/27 წლების სეზონიდან მხოლოდ მოედანზე მიღებული შემოსავლებით 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
2025/26 წლიდან NBA ახალ მედიახელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ლიგა ABC-ისგან, ESPN-ისა და Turner Broadcasting-ისგან წლიურად ჯამში 2.66 მილიარდ დოლარს მიიღებს.
NBA-ის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. ლებრონ ჯეიმსი – (Los Angeles Lakers) $117.6 მილიონი
2. სტეფან კარი – (Golden State Warriors) $101.9 მილიონი
3. კევინ დურანტი – (Phoenix Suns) $91.4 მილიონი
4. იანის ანტეტოკოუნმპო – (Milwaukee Bucks) $85.6 მილიონი
5. დემიან ლილარდი – (Milwaukee Bucks) $63.6 მილიონი
6. კლეი ტომპსონი – (Golden State Warriors) $61.2 მილიონი
7. ჯოელ ემბიდი – (Philadelphia 76ers) $57.6 მილიონი
8. ჯეიმს ჰარდენი – (Philadelphia 76ers) $57.6 მილიონი
9. ჯიმი ბატლერი – (Miami Heat) $55.2 მილიონი
10. პოლ ჯორჯი – (Los Angeles Clippers) $54.6 მილიონი