დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
NCDC-ის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგაა, რაც 2022 წლის სექტემბერში ამირან გამყრელიძემ თავანმდებობა დატოვა. ამის შემდეგ NCDC-ის დირექტორის მოვალეობას, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებდა. „ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ კი თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მოადგილის პოსტზე საერთოდ აღარ წარადგინა. უწყებაში განაცხადეს, რომ გაბუნია თანამდებობაზე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აღარ დაინიშნა და ის აღარც NCDC-ის დირექტორის მოვალეობას აღარ შეასრულებს.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
წარდგენის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ, ირაკლი ფურცელაძემ და ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.
ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2002 წლიდან - 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა, სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. 2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას.
ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.