დღეიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიზიტორების მიღებისას წესების გამკაცრების აუცილებლობაზე, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლების ზრდის პრევენციის მიზნით, დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მათ გარკვეული რეკომენდაციები წარადგინეს თუ როგორ უნდა მოხდეს ვიზიტორების მიღება.
„ინფიცირების გავრცელების რისკები მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ, კონტროლი ყველა შემოსულ ადამიანზე უნდა გამკაცრდეს, მხედველობაში მაქვს ორჯერადად აცრის შემთხვევაში დამატებული PCR-ტესტი და ასევე ჩამოსვლიდან მესამე დღეს პისიარ ტესტის გაკეთებაც. დღეს ჩვენ საბჭოზე სხვა რეკომენდაციებიც გავაჟღერეთ, რომელიც ძალაში, შესაძლოა, 2 კვირის შემდეგ შევიდეს. წინასწარ ვერ გეტყვით რა რეკომენდაციებია, მაგრამ ეს ყველაფერი შემოსულ ადამიანთა მეტ მონიტორინგს და ზედამხედველობას ეხება, რომ დაინფიცირებული ადამიანების შემოსვლის რისკების მაქსიმალური მინიმიზაცია გავაკეთოთ ან თუ შემოვიდა, იდენტიფიცირება და იზოლირება დროულად მოხდეს.
გასაგებია, რომ საზღვრები იხსნება და ტურისტული სეზონი იქნება ქვეყანაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, მაგრამ ჩვენ მომავალი ეპიდაფეთქების რისკი მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.