ამბობენ, რომ ვაქცინები დაიკარგა და NCDC-ს კუნჭულებში ეძებენ, ეს ასე არ არის - არაფერი დაკარგულა, - განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
კითხვაზე, რამდენად იყო პრობლემა ის, რომ ვაქცინები კლინიკებმა ვერ დათვალეს, გამყრელიძე პასუხობს: „არა ბატონო, ძალიან მშვენივრად არის დათვლილი. მუსირებს აზრი, რომ ვაქცინები დაიკარგა და NCDC-ს კუნჭულებში ეძებენ, არაფერი დაკარგულა. როცა ვამბობ დანაკარგს, ეს სხვა რამეა“.
რაც შეეხება ზოგადად, „ასტრაზენეკას“ ირგვლივ შექმნილ ვითარებას. საქმე ის არის, რომ მოქალაქეების ნაწილს, რომელმაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი დოზა გაიკეთა, მეორე დოზაზე ჯავშნები გაუუქმდათ.
„ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ პირველი დოზები შემოვიდა „კოვაქს-პლატფორმიდან“. კოვაქსთან გვქონდა ხელშეკრულება 129 ათას დოზა „ასტრაზენეკაზე“, რომელიც უნდა შემოსულიყო ქვეყანაში. შემოვიდა მისი პირველი დოზები 43 ათასი 13 მარტს, მეორე 43 ათასი შემოვიდა მაისის დასაწყისში და მესამე დოზა უნდა შემოსულიყო მაისის ბოლოს და ეს გადიდო. 21-22 ივნისს ქვეყანაში იდო შესაბამისი დოზები და ვინც ჩაწერილი იყო, ეს ყველას ყოფნიდა. თუმცა არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი არ მიდგომია, იმის გამო, რომ „ასტრაზენეკა“ არ არის ის ვაქცინა, რომლის რევაქცინაცია კეთდება 2-4 კვირის ფარგლებში.
„ასტრაზენეკასთვის“ რევაქცინაცია დაშვებულია 10-12 კვირის განმავლობაში. კვლევებით, უკეთეს ბუსტერულ შედეგს „ასტრაზენეკა“ იძლევა 12 კვირის შემდეგაც. „სინოვაკის“ პირველი დოზებით აცრილებისთის მეორე დოზებით ასაცრელად შენახული გვაქვს შესაბამისი დოზები, ასევე მოხდა „სინოფარმის“ და „ფაიზერის“ შემთხვევაშიც.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ეგეთი არ გაკეთებულა, რადგან 129 ათასი გაიყო ორად და აიცრა 60 ათასი ადამიანი, ხოლო მეორე 60 ათასისთვის უნდა მიგვეღო შესაბამისი რაოდენობა დოზების. „სინოვაკს“ და „სინოფარმს“ ვადა აქვს 2 წლამდე, ხოლო „ასტრაზენეკას“ 2.5 თვე. ამიტომ ჩვენ რომ არ გაგვეხარჯა პირველ დოზებზე, შეიძლებოდა ვაქცინა გაფუჭებულიყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



























