მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ბანკმა ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრას. ამაზე ვერავინ მიედავება - მინისტრის მოადგილე

ბანკები

"ის, თუ როგორ მოიქცევიან საქართველოს ბანკები, მათი პოლიტიკის ნაწილია" - ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ მედიასთან განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, "ფორმულას" მიერ, წყაროზე დაყრდნობით მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ბანკებმა, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა პრე-სასანქციო პერიოდის გამო შეუზღუდეს.

კითხვაზე, იქნება თუ არა იგივე ქმედება მართებული ქართული ბანკების მხრიდან, კაკაურიძე პასუხობს, რომ ეს ბანკების პოლიტიკის ნაწილია.

"არ ვიცი თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ. მე, არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია, რომ ვინმეს კომერციულმა ბანკებმა ანგარიში დაუხურეს. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს. ამიტომ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის, როგორ მოიქცევიან საქართველოს ბანკები, ეს მათი პოლიტიკის ნაწილია. როცა ეხება სანქციებს ეხება საქმე, სანქციების აღსრულებას ბანკები უზრუნველყოფენ. დანარჩენი, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მე და თქვენ შეიძლება ბანკმა ანგარიშის გახსნაზე უთხრას უარი და ამაზე, ვერ მიედავება ვერავინ.

ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა რიგით მოქალაქეს, არც თქვენ იცნობთ, არც მე, ბანკმა ანგარიში არ გაუხსნა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა კაკაურიძემ.

ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, — ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა "დროებამ" წყაროზე დაყრდნობით გუშინ, 2 ოქტომბერს გაავრცელა.

"წყაროს ცნობით, აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრე-სანქციური — წინა სასანქციო რეჟიმიდან. ეს კი გულისხმობს, რომ ფინანსური ინსტიტუტები გადაწყვეტილებას ანგარიშის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული სუბიექტის სასანქციო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე იღებენ მაღალი სანდოობის მატარებელი ინფორმაციის კვალობაზე, რომელსაც აშშ-ის ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტი, ან ევროპული ინსტიტუტები ავრცელებენ.

საუბარია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ან ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ მოქმედ საბანკო ინსტიტუტებზე", - წერს ფორმულა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები