„საქაერონავიგაციამ“ 17 ახალი ავიამეთვალყურის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. უწყების განმარტებით, საქაერონავიგაცია ახალი კადრების დამატების აუცილებლობის წინაშე საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდის და საჰაერო სივრცის დატვირთვის მატების გამო
დადგა.
"საქაერონავიგაციას ესპანური კომპანია INDRA-ს წარმოების მართვის ახალმა სისტემამ მისცა შესაძლებლობა, არსებული ორსექტორიანი სივრციდან ოთხსექტორიან სივრცეზე გადასულიყო და კიდევ უფრო გაეზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობა. ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვის ზრდის პარალელურად იზრდება ახალი კადრების დამატების აუცილებლობაც.
შპს "საქაერონავიგაცია" თავად ზრუნავს ახალი კადრების აყვანასა და მათ მომზადებაზე. კონკურსის დაწყების პარალელურად გამოცხადდა ღია საერთაშორისო ტენდერი, სადაც გამარჯვებული საავიაციო სასწავლებელი სხვა ვალდებულებებთან ერთად აიღებს პასუხისმგებლობას კადრების ობიექტურ შერჩევაზეც. კონკურსი მათი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდება - აპლიკანტები ჩააბარებენ გამოცდას ინგლისურ ენაში, ორ ეტაპად გაივლიან ტესტირებას და ექნებათ გასაუბრება გამარჯვებული სასწავლებლის წარმომადგენლებთან. კონკურსში გამარჯვებულები საზღვარგარეთ სასწავლებლად 6 თვის ვადით გაემგზავრებიან. მათი სწავლების და ცხოვრების ხარჯებს სრულად აანაზღაურებს საქაერონავიგაცია. სწავლების პერიოდში ისინი ავტომატურად გახდებიან საქაერონავიგაციის თანამშრომლები, ისარგებლებენ კომპანიის სოციალური პაკეტით და ექნებათ დანიშნული ხელფასი" - წერია საქაერონავიგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, მსგავსი შერჩევის წესით 2015-2023 წლებში საქაერონავიგაციას 54 ავიამეთვალყურე შეემატა, რომლებმაც სწავლება ევროპულ საავიაციო უნივერსიტეტებში გაიარეს და დღეს უკვე
წარმატებით არიან ჩართულები საქაერონავიგაციის უმთავრესი მისიის - საჰაერო ხომალდების უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზების პროცესში.
"ავიამეთვალურეებს საქაერონავიგაცია უკვე მრავალი წელია კონკურსის მეთოდით არჩევს, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შანსი, დაეუფლოს ახალ პროფესიას და დასაქმდეს ყველაზე მდგრად და სტაბილურ კომპანიაში" - წერია განცხადებაში.