მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნებისმიერი სპეკულაცია, რომ ბანკი [ქართუ] არ უნდა დაჯარიმებულიყო, ან სპეციალურად იყო დაჯარიმებული, უსაფუძვლოა - თურნავა

თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სპეკულაციას უწოდებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „ბანკი ქართუ“ არ უნდა დაჯარიმებულიყო ან სპეციალურად დაჯარიმდა. ის აცხადებს, რომ ეს სპეკულაციები "უსაფუძვლოა". ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისის საოლქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. საქმესთან დაკავშირებით ნათია თურნავას კომენტარი BM.GE-ის ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს.

ნათია თურნავას თქმით, სებ-ი ბანკებს სანქციებსა და ჯარიმებს აუცილებლობის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად უწესებს და „ქართუ ბანკის“ შემთხვევაშიც ასე მოიქცა.

„ნებისმიერი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკი არ უნდა დაჯარიმებულიყო, ან მოსაზრება რომ სპეციალურად იყო დაჯარიმებული, უსაფუძვლოა, რადგან ეროვნული ბანკის პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ მოიკვლიოს და მსგავს შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, „ქართუ ბანკის“ დაჯარიმების გადაწყვეტილება მიღებული იქნა გამოთხოვილი დოკუმენტების ანალიზისა და საჯარო განცხადებების ერთობლიობის საფუძველზე.

როგორ გაჩნდა ბაჩიაშვილის საქმეში თურნავა და რატომ დააჯარიმა სებ-მა 2023 წელს "ქართუ" 200,000 ლარით?

სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზანი კომერციული საიდუმლოს დაცვაა, ვინაიდან კითხვები და საკითხები, რაც ნათია თურნავასთან იქნება დასმული, კომერციულ საიდუმლოებას შეეხება. შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, რომ შუამდგომლობა ობიექტური ტესტის პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს და სხდომაზე არანაირი კომერციული საიდუმლოება არ გაჟღერდება. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა ნაწილობრივ დახურა.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

აღნიშნული ქმედება კი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები