მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nebius-მა Meta-სთან AI ინფრასტრუქტურის მიწოდებაზე $27 მლრდ-ის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა

meta

ამსტერდამში ბაზირებულმა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურულმა კომპანია Nebius Group-მა Meta Platforms-თან შეთანხმებას მიაღწია. ხელშეკრულების თანახმად, Nebius 2027 წლამდე სოციალური მედიის გიგანტს $12 მილიარდის ღირებულების AI გამოთვლით სიმძლავრეებს (Computing Capacity) სხვადასხვა ლოკაციაზე მიაწვდის.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, Meta დამატებით $15 მილიარდის ღირებულების იმ სიმძლავრეებსაც შეისყიდის, რომლებსაც Nebius ექსკლუზიურად მათთვის გამოუშვებს. კომპანიის ცნობით, ეს კონტრაქტის საერთო ღირებულებას $27 მილიარდ დოლარამდე ზრდის.

გასულ კვირას Nvidia-მ განაცხადა, რომ Nebius-ის 8.3%-იანი წილის შესაძენად $2 მილიარდს დააბანდებს. აღსანიშნავია, რომ Nebius-ი საკუთარ მონაცემთა ცენტრებში სწორედ Nvidia-ს ჩიპებს იყენებს.

Nasdaq-ზე დალისტული Nebius-ის აქციების ფასი, რომელიც პარასკევს $112.50-ზე დაიხურა, მიმდინარე წელს 35%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $28.6 მილიარდს მიაღწია.

ეს გარიგება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები საკუთარი AI მონაცემთა ცენტრების გაფართოებას და დეფიციტური GPU (გრაფიკული პროცესორი) და ენერგეტიკული სიმძლავრეების უზრუნველყოფას.

მსხვილი "ქლაუდ" კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიას ემსახურებიან, Nebius-ისა და მისი ამერიკელი კონკურენტის, CoreWeave-ის მსგავსი AI სპეციალისტები ძირითადად ტექნოლოგიურ კლიენტებზე ფოკუსირდებიან, თუმცა მათი მიზანია, თავადაც გახდნენ მსხვილი ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერები.

Nebius-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არკადი ვოლოჟმა აღნიშნა, რომ Meta-სთან ბოლო გარიგება "კომპანიას ძირითადი AI ღრუბლოვანი ბიზნესის განვითარებისა და ზრდის დაჩქარებაში დაეხმარება".

შეგახსენებთ, რომ Nebius-მა Meta-სთან $3-მილიარდიანი საწყისი ხელშეკრულება ნოემბერში, ხოლო Microsoft-თან $17.4-მილიარდიანი გარიგება სექტემბერში გააფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები