მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნედლეულის გაძვირება და ფინანსური წნეხი - რა გამოწვევები აქვთ მცირე მეწარმეებს?

ელენე ჩომახიძე

თბილისში, გიგა ლორთქიფანიძის N7-ში მდებარე ახლად გახსნილი რესტორანი „ელენესთან“ მცირე მეწარმეებისთვის დამახასიათებელ ძირითად გამოწვევებზე საუბრისას აცხადებს, რომ ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიუხედავად, ყოველდღიური ოპერირება ფინანსურად და ოპერაციულად რთულ პროცესად რჩება.

რესტორნის მფლობელი ელენე ჩომახიძე BMGTV-ს ეთერში “საქმიანი დილა” ამბობს, რომ დამწყები მეწარმეებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსური წნეხია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იჩენს თავს.
"ერთი მხრივ, საქართველოში მარტივია ბიზნესის რეგისტრაცია და საქმიანობის დაწყება, თუმცა მეორე მხრივ, არსებობს ბევრი დეტალი, რაც ყოველდღიურ მართვას ართულებს. განსაკუთრებით იგრძნობა ფინანსური წნეხი - გადასახადები, ნედლეულის ხარჯი, კომუნალური გადასახადები. კარგი იქნებოდა, რომ დამწყები მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით სარესტორნო ბიზნესში, გარკვეული შეღავათები მაინც არსებობდეს, თუნდაც დროებით“, - აცხადებს ჩომახიძე.

მისი თქმით, ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ნედლეულის გაძვირება რჩება, რაც პირდაპირ აისახება როგორც მენიუს ფორმირებაზე, ისე ფასების პოლიტიკაზე. ჩომახიძე აღნიშნავს, რომ ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც მომხმარებლის როლიდან მეწარმის პოზიციაში აღმოჩნდა.

„რასაკვირველია [ნედლეულის გაძვირება] უდიდესი გამოწვევაა. აქამდე, ორი თვის წინ და მანამდე პერიოდში თუ როგორც ჩვეულებრივი დიასახლისის პერსპექტივიდან ვგრძნობდი ამ ყველაფერს, თუ რამდენად მართლა ძალიან კოლოსალურად არის გაძვირებული ნედლეული ამ ქვეყანაში, ახლა უკვე მეწარმის პერსპექტივიდან ვუყურებ ამ ყველაფერს და მართლა სიტყვები არ მყოფნის იმდენად გაძვირებულია ყველაფერი. იმპორტული იქნება თუ ადგილობრივად წარმოებული”, - თქვა მან.

ელენე ჩომახიძე კონკრეტულ მაგალითზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ზოგჯერ მარტივი კერძის შენარჩუნებაც კი რთულდება:

"კიტრი-პომიდვრის სალათი ძალიან მარტივი კერძია, ხომ ასეა? - რომელიც თითქმის ყველა ქართულ რესტორანში გვხვდება. თან ისეთი კერძია, რომელიც ძირითად კერძებში არ გადის და ვერ დაადებ მაღალ ფასს, მაშინ როცა მისი თვითღირებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამ დროს, ამ ქვეყანაში ამ ორი ბოსტნეულის წარმოება არანაირ სირთულესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. რესტორნის მეპატრონეებს გვიწევს რომ ეს პროდუქტები შევიძინოთ იმპორტირებული და შესაბამისად, გაზრდილ ფასად. შედეგად, ხშირად ჩნდება კითხვა - ღირს თუ არა ასეთი კერძების მენიუში დატოვება.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია - რეალურად, ბოსტნეულიდან დაწყებული, ხორცით დამთავრებული, თითქმის ყველაფერი გაძვირებულია", - ამბობს მეწარმე.

მისივე თქმით, ფასების ზრდა მომხმარებელზეც პირდაპირ აისახება, რისგან თავის არიდებას ცდილობს : „არ მინდა, რომ საბოლოოდ კერძის ფასები მნიშვნელოვნად გავზარდო, რადგან ამას მომხმარებლის პერსპექტივიდანაც ვუყურებ. თუმცა, როცა თვითღირებულება ასე იზრდება, ძალიან რთულია ბალანსის შენარჩუნება - ლავირება ფასსა და ხარისხს შორის ყოველდღიურ გამოწვევად იქცა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები