მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნედლი რძე 20%-ით გაძვირდება - კომპანია „შირაქი“ მიზეზებზე

6360c64aa1a69
თათია ჩაფიჩაძე
02.11.22 09:40
855
კომპანია „შირაქის“ დამფუძნებლის ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, ზამთრის სეზონზე ნედლი რძის ფასი კიდევ 20%-ით გაიზრდება. მიზეზებზე საუბრისას ბენიაიძე საკვებ პროდუქტებზე ფასის ზრდას და მუშახელის გაზრდილ ხარჯს ასახელებს.

„საქმიანი დილის“ ეთერში ბენიაიძემ აღნიშნა, რომ რძის ჩაბარების მაქსიმალური ფასი ამ დროისთვის 1.80 ლარია, ფერმერებისთვის გაზრდილი ხარჯების დაკომპენსირებისთვის კი ფასი 2 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

„ზოგადად ამ პერიოდში სეზონურობიდან გამომდინარე რძეზე ფასი მატულობს ხოლმე, მაგრამ ასეთი ზრდა პროცენტულად არ ყოფილა. გაძვირდა ყველაფერი ქვეყანაში, მერძეულ მიმართულებაში ყველა მსხვილ ფერმერთან გვაქვს კომუნიკაცია და ბიზნესი ამას ყოველდღიურად გრძნობს. განსაკუთრებით რთულია ჩვენს დარგში პროფესიონალების მოძიება. სათანადო ხელფასი თუ არ მივეცით ადამიანებს იცით, რომ დიდია ქვეყნიდან გადინება.

საკვებ პროდუქტებზე ფასები გაძვირდა ზაფხულში, თუმცა ზაფხულის სეზონზე რძეს საძოვრებზე გაშვებული პირუტყვისგან ვიღებთ. 2-3 თვე არის პერიოდი, როცა ფერმერს შედარებით იაფი უჯდება რძის წარმოება. როცა სეზონურობა გადის უკვე გვიწევს გაძვირებული საკვების ყიდვა. ამას გარდა ფერმერს მუშის დაქირავება თუ უჯდებოდა 35 ლარი, ახლა მინიმუმი 50 ლარი ჯდება. საწვავი თუ ღირდა ორი ლარი, ახლა ღირს ორჯერ მეტი.

ფერმერისთვის მისაღები ფასი ახლაც არ არის, თუ არ გავუფრთხილდით ფერმერებს, არ მივეცით სტიმული, ფასით თუ არ წავახალისეთ, ის 30%-იც გაქრება, რომელსაც ვაწარმოებთ. 70% იცით რომ იმპორტირებულია, მაშინ როცა წარმოების პოტენციალი გვაქვს, მაგრამ ფერმერს სჭირდება ხელშეწყობა. პროდუქტები გაძვირდა, მაგრამ ფერმერი სათანადო ფასს ვერ იღებს, თვითღირებულებას ვერ აკომპენსირებს, ყველას სესხი აქვს.

ფასების მატებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ იანვარ-თებერვლამდე 20% იქნება, აპრილის ბოლოს, მაისში უკვე ფასი დაბლა მოდის. ამ მდგომარეობაში მინიმუმ ჩაბარების ფასი უნდა იყოს 2 ლარი, რომელიც ძალიან არ აისახება პროდუქტებზე. ფერმერმა თუ არ მიიღო შესაბამისი თანხა გადამმუშავებლები დავრჩებით ფხვნილის, ირანული რძე-პასტის და იმპორტირებული პროდუქციის დისტრიბუტორებად", - განაცხადა ბენიაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები