მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარტო სესხი მივცეთ და გავაკოტროთ ფერმა, არ გამოვა" - რა აფერხებს მერძევეობის სექტორის განვითარებას?

ნიკოლოზ ბენიაიძე

საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკოლოზ ბენიაიძის შეფასებით, მართალია, 2012 წლიდან, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების საშუალებით, აგრარულ სექტორში „დიდი ფული ჩაიდო“, მაგრამ შეიძლებოდა, შედეგი უფრო კარგი ყოფილიყო.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თანმიმდევრული და სიღრმისეული პოლიტიკა.

ნიკოლოზ ბენიაიძემ, რომელიც რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელიც არის, მერძევეობის სექტორის მაგალითზე ახსნა, მიუხედავად სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამებისა, რატომ არ ვითარდება ქვეყანაში ორგანიზებული მერძევეობის ფერმები.

"მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ ძალიან კარგი პროგრამაა - 5-მილიონიანი, 7-წლიანი სესხი შეღავათიანი პირობებით, მაგრამ ვხედავთ, ქვეყანაში რძის წარმოება კლებულობს. იყო სხვა პროგრამებიც, რომლის ფარგლებშიც სესხის პროცენტის სუბსიდირება ხდებოდა, მაგრამ მერძევეობის ფერმები ვერ ვითარდება. ნაწილი დაიკეტა. სულ ქვეყანაში არის 30-მდე საშუალო და მსხვილი, ორგანიზებული, მაღალპროდუქტიული ფერმა, მაგრამ დაახლოებით, 10 ფერმა არ ფუნქციონირებს, რადგან იმის გამო, რომ ბაზარი დაუცველია, ვერ გაუძლეს კონკურენციას. მაგალითად, შარშან ნედლ რძეში მოსახლეობას 1.5 ლარს ვუხდიდით, წელს 1 ლარსაც ვერ ვიხდით, რადგან რძის ფხვნილი გაიაფდა და ბაზარზე ფალსიფიცირებული, არაეტიკეტირებული პროდუქცია იყიდება“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით სეს-ის პოლიტიკა და მოქმედებები შედეგს გამოიღებს.

საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ თუ რძის პროდუქტების ბაზარი მოწესრიგდება და გაკონტროლდება, ერთი მხრივ, მომხმარებელიც არ იქნება მოტყუებული და მეორე მხრივ, სექტორის განვითარებასაც შეეწყობა ხელი.

"ვთქვათ, ფერმას მივეცი 5 მლნ ლარის სესხი, მას თუ არ დავახვედრეთ დაცული ბაზარი, გარანტირებული გაყიდვები, თუ არ ვაწარმოვეთ ის პროდუქცია, რომლის 70%-იანი დეფიციტი გვაქვს, არ დაიზღვია ბიზნესი და ა.შ. მარტო სესხი მივცეთ და გავაკოტროთ და გავაღარიბოთ ფერმა, არ გამოვა... [სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში] სესხს რომ მივცემთ, მას სჭირდება მთლიან პროცესში ჩართულობა და ბოლომდე მიყოლა - პირველ რიგში, საკუთარი ბაზრის დაცვა და მუდმივი კონტროლი.

როგორც უკვე აღვნიშნე, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ ძალიან კარგი პროგრამაა, მაგრამ თუ დღეს ინტერესი ძალიან მაღალი არაა, ამის მიზეზი არის რისკი, რომელსაც ფერმების მფლობელები თვლიან - "მე რომ ავიღო დიდი სესხი, ვიყიდო პირუტყვი და შემდეგ სტაბილურად ვერ გავყიდო რძე?!" ანუ ბაზრის დაცვაა არის საჭირო, პირველ რიგში.

დღესდღეობით, საქართველოში რძის პროდუქტების 70% იმპორტირებულია და ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, რომ თუ ბაზარი იქნება დაცული, იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივით ჩავანაცვლოთ“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მისივე აზრით, საკუთარი ბაზრის დაცვა ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოების განმტკიცებაშიც დაეხმარება,

„პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის დროს ხომ დავინახეთ ყველაფერი - რამ გამოიწვია რყევები?! რისი წარმოებაც შეგვიძლია, უნდა ვაწარმოოთ. ადრე დარაიონება ერქვა, ახლა დარეგიონება დავარქვათ და მწყობრად უნდა მივყვეთ იმ პროდუქციის მოყვანა-წარმოებას, რომელიც სჭირდება ჩვენ ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოებისთვის და ასევე, შევძლებთ ექსპორტზე გატანას, რათა მყარი ვალუტა შემოვიტანოთ“, - განაცხადა ფერმერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები