მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნედლი რძის დეფიციტის გამო, ჩვენი რძის პროდუქტები დაახლოებით 1–2 ლარით გაძვირდა - „მარიტა"

რძის პროდუქტები

უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში, რძის პროდუქტების ფასი დაახლოებით 1–2 ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მარიტას“ თანადამფუძნებელმა, ქეთი ბოლქვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ნედლი რძის დეფიციტი უკვე დაწყებულია, რაც ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა. შემცირებულმა წარმოებამ კი, ფასების ზრდა გარდაუვალი გახადა.

„ნედლი რძის რაოდენობა დაახლოებით 20 დღეა შემცირდა, რაც ბუნებრივად აისახა ბაზარზე. რძის პროდუქციის ღირებულებამ უკვე მოიმატა, რადგან დეფიციტი ყოველთვის იწვევს ფასის ზრდას. პროდუქციის ღირებულება დაახლოებით 1-2 ლარითაა გაზრდილი. ვინაიდან, ზამთარში ნედლი რძე პრაქტიკულად ქრება და ბაზარზე ძირითადად აღდგენილი რძით წარმოებული პროდუქცია იყიდება“, - აღნიშნა ბოლქვაძემ.

მისივე განმარტებით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ფასების სტაბილურობას, თუმცა ღირებულება შესაძლოა კიდევ 1–2 ლარით გაიზარდოს.

„ვცდილობთ, რომ ხარჯები დავაბალანსოთ, რათა პროდუქცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - ამბობს ის.

„მარიტას“ თანადამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები ამ ეტაპზე მზარდია. საწარმო ამჟამად 11 სახეობის რძის პროდუქტს აწარმოებს და მომავალში ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. ამასთან, კომპანია პირველ ეტაპზე ფერმის განვითარებასა და წარმოების გაძლიერებაზე კონცენტრირდება.

ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის იანვარ–ოქტომბერში, საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა $33 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.1%-ით მეტია. იმპორტი მოცულობითაც გაიზარდა - ქვეყანაში 5 961 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები