მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნედლი რძის იმპორტის ზრდა ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტს უკავშირდება - "შვანრე"

შვანრე

ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისში მოქმედი ნედლი რძის გადამმუშავებელი საწარმო „შვანრეს“ დამფუძნებელი ნონა ანსიანი ქართულ ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტზე საუბრობს. როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ქვეყანაში იმპორტირებული რძის პროდუქტების ზრდა პირდაპირ მიუთითებს ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის ნაკლებობაზე.

ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის იანვარ–ოქტომბერში საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა $33 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.1%-ით მეტია. იმპორტი მოცულობითაც გაიზარდა - ქვეყანაში 5 961 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.

„ნედლი რძის იმპორტის ზრდა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადგილობრივ ბაზარზე არის მსგავსი პროდუქციის დეფიციტი. თუ სახელმწიფო მკაცრად არ მიუდგა ამ საკითხს და სუბსიდირებით არ დაეხმარა სექტორს, ეს სფერო უფრო რთული სამართავი გახდება და სულ უფრო მეტად გავხდებით იმპორტზე დამოკიდებული“, - აღნიშნა მეწარმემ.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ნედლეულის მოპოვებაა. რეგიონებში ფერმერული მეურნეობების რაოდენობა მცირდება, მოსახლეობა კი მესაქონლეობას თავს ანებებს.

"ჩვენს რეგიონში ნედლეულის მოპოვება წლიდან წლამდე კლებულობს. ადამიანები ხედავენ, რომ ამ სფეროში მოგებაზე ვერ გადიან, ამიტომ საქონელს კლავენ და ყიდიან. ამან რძის ძალიან დიდი დეფიციტი გამოიწვია. სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანია ფერმების მხარდაჭერა - იქნება ეს გრანტი, სუბსიდია თუ სხვა დახმარება, რათა საქონლის რაოდენობა გაიზარდოს", - განმარტავს ის.

„შვანრეს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ საწარმომ 2025 წელს გაზრდილი წარმოების მოლოდინით, საწარმოო ხაზი მთლიანად გადააიარაღა და დღიურად, 5 ტონამდე გადამუშავების შესაძლებლობა შექმნა. თუმცა დეფიციტის გამო, წარმოება ვერ გაიზარდა.

„მოლოდინი გვქონდა, რომ მინიმუმ 40%-ით გავზრდიდით მოცულობას, მაგრამ ზუსტად გასული წლის ანალოგიური მონაცემები გვაქვს წელსაც. დღეში მხოლოდ 2 ტონა რძის გადამუშავებას ვახერხებთ“, - ამბობს ანსიანი.

"შვანრეს" დამფუძნებელი ყურადღებას ამახვილებს ნედლი რძის ფასზეც: "საქართველოში როდესაც წყალი და რძე ერთი ფასი ღირს, ფერმერები იძულებულები არიან, თავი დაანებონ მერძეულ მიმართულებას და გადავიდნენ მეხორცულზე".

მისივე თქმით, ნედლი რძით და ფხვნილით წარმოებულ პროდუქციას ბაზარზე თითქმის ერთი და იგივე ფასი აქვს, რაც ხელს უშლის ნედლი რძის ღირებულების ზრდას.

"შვანრე", რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ კოოპერატივ „დმ-ანსის“ ეკუთვნის, 96 500-ლარიანი ინვესტიციით დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა, მათგან 93 670 ლარი სახელმწიფომ კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები