საქართველოში ნედლი რძის ხარისხი კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით მცირე ფერმებში, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ რძის გადამმუშავებელი საწარმო "შვანრეს" დამფუძნებელმა, ნონა ანსიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხარისხის გაუმჯობესება დამატებით ფინანსურ რესურსებს საჭიროებს, რის გარეშეც სფეროში პროგრესის მიღწევა რთულია. ანსიანის ინფორმაციით, „შვანრემ“ საკუთარ კოოპერატივში მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა: ფერმერებს გადაეცათ რძის საწველი აპარატები, რამაც ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები შეამსუბუქა. თუმცა, ზოგად სურათში, მეწარმე ამბობს, რომ განსაკუთრებით მცირე ფერმერებისთვის, რძის ხარისხის სტანდარტების დაცვა კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
"ნედლი რძის ხარისხის ასაწევად მცირე ხარჯები არ არის საკმარისი. აუცილებელია, საწველი აპარატების შეძენა, საწველი დარბაზების მოწყობა და რიგი სხვა პროცედურების შესრულება, რაც დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებით. ფერმერებს ამ ეტაპზე არ აქვთ რესურსი, რომ ეს ყველაფერი საკუთარი ფინანსებით განახორციელონ, ამიტომ სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია“, - აცხადებს ანსიანი.
მისი შეფასებით, ხარისხის გაუმჯობესება ავტომატურად უნდა აისახოს ფასზეც. ის დასძენს, რომ საქართველოში „როდესაც წყალი და რძე ერთი ფასი ღირს“, ფერმერები იძულებულნი არიან მერძეულობას თავი დაანებონ და მეხორცულ მიმართულებაზე გადაინაცვლონ: "თუ რძის ხარისხი მოიმატებს, ფასიც უნდა გაიზარდოს. თუმცა, ამ შემთხვევაში აუცილებელია განსხვავება ნედლ და ფალსიფიცირებულ პროდუქტს შორის, რათა რეალურად ხარისხში გადავიხადოთ ფასი".
ანსიანის შეფასებით, სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერა, ხარისხიანი რძის წარმოების სტიმულირება და ფალსიფიცირებული პროდუქციისგან მკაფიო გამიჯვნა.




























