მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეგატიური პოლიტიკური ტრაექტორია უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ გარემოსა და ბიზნესებზე - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი

"ნეგატიური პოლიტიკური მიმართულება უარყოფითად აისახება როგორც ეკონომიკურ გარემოზე, ასევე იმ ბიზნესებზე, რომლებიც საქართველოში ოპერირებას ცდილობენ," - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

დღეს ევროკავშირმა საქართველოს ბიზნეს კლიმატის 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) მოამზადა. ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოღვაწე ევროპული ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც განსაკუთრებით გასულ წელს გაიზარდა.

კვლევასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმების მიმართულებით არსებული რეგრესი ბიზნესების განვითარების ერთ-ერთი წამყვანი შემაფერხებელი ფაქტორია. პაველ ჰერჩინსკი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნეს კლიმატზე ნეგატიურ გავლენას ახდენს სამუშაო ძალის პროფესიული უნარების დეფიციტიც, რომლის ეკონომიკური ეფექტიც აღნიშნულ კვლევაში დეტალურად არის შეფასებული.

"ევროკავშირი EBA-ს ბიზნეს კლიმატის შეფასების კვლევას მისი პირველივე გამოცემიდან უჭერს მხარს.

ანგარიში ეფუძნება კერძო სექტორის ემპირიულ დაკვირვებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ასახავს ბიზნესისა და ეკონომიკური ეკოსისტემის ძირითად ცვლილებებს, როგორც ამას საქართველოში მოქმედი ევროპული კომპანიები აღიქვამენ.

კერძო სექტორს უზარმაზარი როლი აქვს ეკონომიკური ზრდისა და ინოვაციების ხელშეწყობაში, ხოლო EU4Business ინიციატივის მეშვეობით, ევროკავშირი ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, განვითარდნენ, დანერგონ ინოვაციები და წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.

მიმდინარე წლის ანგარიში ემყარება წინა გამოცემების გამოცდილებასა და მიგნებებს, თუმცა ამჯერად უფრო ღრმა ანალიზს სთავაზობს უნარების განვითარების თემაზე. დოკუმენტში ხაზგასმულია უნარებისა და შრომითი ბაზრის მოთხოვნების უკეთ შეჯერების აუცილებლობა, აგრეთვე, უფრო ხარისხიანი და კოორდინირებული უნარების განვითარების სისტემის საჭიროება. ეს არის ის ძირითადი ბარიერები, რომლებიც საქართველოს კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.
ადამიანური კაპიტალის განვითარება და უნარების შეჯერება სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებია, სადაც ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისა და გრძელვადიანი განვითარების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ანგარიშის დასკვნები მნიშვნელოვან მითითებებს შესთავაზებს საქართველოს ეკონომიკურ გარემოსა და ბიზნესის განწყობებს. ეს არის მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედებისთვის. აღნიშნული პლატფორმა 2022 წელს ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.

2023 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, იმ დათქმით, რომ შესრულდება ცხრა ძირითადი რეკომენდაცია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც კანდიდატი ქვეყნისგან მოითხოვება. ევროკავშირში გაწევრიანება არჩევანია, მაგრამ გაფართოების პროცესი ეფუძნება დამსახურებას და დამოკიდებულია კანდიდატი ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. ეს რეფორმები არ მატერიალიზდა, რის გამოც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები გაუარესდა. ჩვენ ძლიერ ვწუხვართ შექმნილი ვითარების გამო.

ევროკავშირი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა იმ ძირითადი ღირებულებებისგან უკან დახევის გამო, რომლებზეც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები იყო დაფუძნებული, ევროკავშირმა თავისი დახმარების დიდი ნაწილი შეამცირა. ამჟამად მიმდინარეობს მიმდინარე პროგრამების ძირეული გადახედვა. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების შედეგად, ჩვენ ვერ შევძლებთ მრავალი წარმატებული პროექტის გაგრძელებას საქართველოში.

ეს ნეგატიური პოლიტიკური მიმართულება უარყოფითად აისახება როგორც ეკონომიკურ გარემოზე, ასევე იმ ბიზნესებზე, რომლებიც საქართველოში ოპერირებას ცდილობენ. მრავალი კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოვიდა იმ მოლოდინით, რომ ქვეყანა ევროკავშირს უფრო მიუახლოვდებოდა. დღეს კი მათ ლეგიტიმური კითხვები და ეჭვები უჩნდებათ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, რადგან გაფართოების რეფორმების დღის წესრიგი არის სტრუქტურული, ინკლუზიური და მდგრადი ტრანსფორმაციის მთავარი ფაქტორი.

მინდა გამოვხატო ჩემი დაფასება ევროპული ბიზნეს ასოციაციისადმი, რომელიც დაუღალავად მუშაობს საქართველოში მოქმედი ევროპული კომპანიების ინტერესების დასაცავად, ისევე როგორც ევროკავშირში ქართული ბიზნესის წარმოსაჩენად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი მიმართულება აირჩია, თქვენ მნიშვნელოვან როლს თამაშობთ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

ასევე მადლობას ვუხდი EU Business Climate Report-ის ფარგლებში ჩვენს უწყვეტ თანამშრომლობას და იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელსაც ყველა მონაწილე ბიზნესის წარმომადგენელი და დაინტერესებული მხარე ამ ანგარიშის წარმატებისთვის იღებს.

ბიზნესი არის ცვლილებების მამოძრავებელი ძალა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება და მჯერა, რომ ბიზნეს სექტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლაში.

წინ, საქართველო, წინ!"- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

კვლევის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში - პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის მთავარი გამოწვევაა - EU-ის ანგარიში საქართველოს ბიზნესკლიმატზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები