მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ ტიპის ანგარიშებს არანაირი აზრი არ აქვს" - კალაძე ევროკავშირის ბიზნესკლიმატის კვლევაზე

კალაძე

„მათ წარმოადგინეს ძველ მოვლენებზე დაყრდნობით ანგარიში, რომელსაც ასაღებენ, როგორც ახალს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი ტიპის ანგარიშების გამოქვეყნებას არანაირი აზრი არ აქვს.

„ამ ტიპის ანგარიშებს არანაირი აზრი არ აქვს. მათ წარმოადგინეს ძველ მოვლენებზე დაყრდნობით ანგარიში, რომელსაც ასაღებენ, როგორც ახალს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ ვინ და რა დგას ამის უკან. ყველაფერი ცხადი და ნათელია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, ხალხს პირდაპირ ვეუბნებოდით, რა საფრთხეების და პრობლემების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა და რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღეს, უკვე ამ ყველაფერზე საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტი. მხედველობაში მაქვს ის არაფორმალური მმართველობა, რასაც ჰქვია „დიფ სთეითი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა, რასაც ორგანიზაციის მიერ გამოკითხული 200-მდე ევროპული კომპანია მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს.

გამოკითხული ბიზნესებიდან 76.8% მთავარ გამოწვევად სწორედ პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს. მეორე ადგილზეა სამუშაო კადრების დეფიციტი და მათი არასაკმარისი უნარები, რომელსაც ბიზნესის კეთებისთვის მთავარ გამოწვევად გამოკითხული ბიზნესის 65.9% ასახელებს. მესამე ადგილს კი არაეფექტიანი სასამართლო სისტემა იკავებს 58%-ით.

ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს პოლიტიკურ არასტაბილურობაზე, რაც პირდაპირ აისახება ბიზნეს გარემოზე. კომპანიები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკისა და ინსტიტუციური სისუსტეების გამო, რაც საინვესტიციო კლიმატს ასუსტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები