მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნენსკრამ” ₾400 მილიონის ზარალი განიცადა - კომპანიის აქტივები გაუფასურდა

ნენსკრა ჰიდრო

“ნენსკრა ჰიდრომ” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს რეკორდული მოცულობის - 399 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

2022 წელს სახელმწიფომ “ნენსკრა ჰიდროსთან” ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ტარიფი 13%-ით შეამცირა. თავდაპირველად გაფორმებული შეთანხმებით, სახელმწიფო “ნენსკრას” მიერ გამომუშავებულ თითოეულ კილოვატ ელექტროენერგიაში 7.55 ცენტს გადაიხდიდა, თუმცა ეს ტარიფი 6.56 ცენტამდე შემცირდა, რის გამოც კომპანიამ მომავალში მისაღები შემოსავლების გაუფასურება მოახდინა. მთლიანობაში კომპანიამ 384.5 მილიონი ლარის სხვადასხვა კატეგორიის ფინანსური ჩამოწერები განახორციელა, რაც ზარალის მიზეზი გახდა. შედეგად, კომპანიის აქტივების ღირებულება 440 მილიონი ლარიდან 58 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ნენსკრას 280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით მიმდინარეობს. მისი მშენებლობა 2015 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, ამ თარიღიდან 8 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ჰესი როგორც ფინანსური პრობლემების, ასევე მოსახლეობის პროტესტის და პროექტის გენერალურ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების გაწყვეტის გამო შეჩერებულია.

ბოლო მონაცემებით, "ნენსკრაჰესის" მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღმა 2028 წლისთვის გადაინაცვლა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.

280-მეგავატიანი “ნენსკრაჰესის” ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს. სადგურმა წლიურად 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშავოს. თუმცა, კომპანიას დავები წარმოეშვა პროექტის ჯერ პირველ გენერალურ კონტრაქტორთან, იტალიურ “სალინი იმპეჯრილოსთან”, შემდეგ კი “ქართულ სამშენებლო კონსორციუმთან”, რომელთან დავებიც გრძელდება.

"ნენსკრაჰესის" $1 მილიარდიანი ჰიდროელექტროსადგური ვერ აშენდება, თუკი მას გრძელვადიან კრედიტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ გამოუყოფენ. EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტებია, რომლებიც დაფინანსების საკითხს სწავლობდნენ. EBRD-ის მხრიდან საუბარია $214 მილიონზე, EIB-ის მხრიდან კი $150 მილიონი დოლარის სესხზე. მათ გარდა, პროექტისთვის $314-მილიონიანი კრედიტის დამტკიცების საკითხს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) სწავლობდა.

პროექტის თანახმად, ნენსკრას კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი, სიგრძე კი 870 მეტრი იქნება. ის შექმნის 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს, 2.7 კმ² ზედაპირის ფართობით. მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის მცირე კაშხალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები