მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nestle-ს შემდეგ, ბავშვის კვება გაყიდვიდან Danone-მა და Lactalis-მაც ამოიღეს

ფორმულა

იანვრის განმავლობაში რძის პროდუქტების მწარმოებელმა მსოფლიოს სამმა უმსხვილესმა კომპანიამ - Nestlé-მ, Danone-მა და Lactalis-მა - ჩვილის ხელოვნური საკვების დიდი პარტიები გაყიდვიდან ამოიღეს. მიზეზი ცერეულიდით დაბინძურებაა - ტოქსინით, რომელმაც შესაძლოა ბავშვებში ღებინება, დიარეა და მუცლის სპაზმები გამოიწვიოს.

დაბინძურების კვალი ARA-ს (არაქიდონის მჟავა) ზეთის ერთ ჩინელ მომწოდებელთან მიდის. აღნიშნული ზეთი პრემიუმ კლასის ჩვილის საკვების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინგრედიენტია.

Lactalis-ი ბოლო კომპანიაა, რომელმაც 18 ქვეყანაში გავრცელებული Picot-ის ბრენდის ჩვილის საკვების ექვსი პარტიის უკან გაწვევის შესახებ განაცხადა.

პრობლემური პარტიები გაყიდვაში 2025 წლის იანვრიდან იყო ჩაშვებული და მათი ვარგისიანობის ვადა 2027 წლის მარტამდეა.

"გაფრთხილების მიღების შემდეგ, შესაბამისი ინგრედიენტის მომწოდებლისგან მოთხოვნილი ანალიზების პარალელურად, LNS-მა (Lactalis Nutrition Santé) დაუყოვნებლივ დაიწყო ტესტირება აკრედიტებული დამოუკიდებელი ლაბორატორიის მეშვეობით, რათა პოტენციურად დაბინძურებული პროდუქტები შეეფასებინა", - ნათქვამია Lactalis-ის განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სრულად აცნობიერებენ, თუ რა შეშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ამ ინფორმაციამ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებში. მათივე თქმით, ამ ეტაპზე საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებით არანაირი საჩივარი ან შეტყობინება არ დაფიქსირებულა.

Danone-ის შემთხვევაში გაწვევა ჯერჯერობით უფრო მცირე მასშტაბისაა - სინგაპურის სურსათის სააგენტოს მოთხოვნით უკან გაიწვიეს ტაილანდში წარმოებული მხოლოდ ერთი პარტია, სანამ ის ბაზარზე მოხვდებოდა.

"ჩვენი ყველა პროდუქტი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მკაცრი სტანდარტების შესაბამისად იწარმოება და ქარხნებიდან გასვლამდე საფუძვლიან ტესტირებას გადის. ყველა შემოწმება ადასტურებს, რომ პროდუქტები უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება საერთაშორისო და ადგილობრივ რეგულაციებს. Bacillus cereus-თან და GMP სტანდარტებთან, მიმართებით არანაირი დარღვევა ან გადაცდომა არ გამოვლენილა", - განუცხადა კომპანიამ Euronews Health-ს და დასძინა, რომ პროდუქტები პრევენციის მიზნით დაიბლოკა.

Nestlé პირველი იყო, რომელმაც 60-ზე მეტი ქვეყნის ბაზრიდან საკუთარი პროდუქცია, იანვრის დასაწყისში, მას შემდეგ გაიწვია, რაც ნიდერლანდებში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში დაბინძურება აღმოაჩინა.

"სურსათის უვნებლობა და ჩვილების ჯანმრთელობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია", - განაცხადა Nestlé-მ გაწვევის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

"გვესმის, რომ ამ სიახლემ შესაძლოა შეშფოთება გამოიწვიოს. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, უზრუნველვყოთ მკაფიო, გამჭვირვალე ინფორმაცია და მხარი დავუჭიროთ მშობლებსა და მეურვეებს მთელი ამ პროცესის განმავლობაში", - დასძინა კომპანიამ.

თუმცა, პროცესის გამჭვირვალობა ეჭვქვეშ დააყენეს მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა. მათ Nestlé-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსეს და კომპანიას მიკვლევადობის პროცესში არსებულ ხარვეზებსა და საზოგადოების გაფრთხილების ვალდებულების დაგვიანებულ შესრულებაში სდებენ ბრალს.

ორგანიზაცია foodwatch Netherlands-ის გამოძიების თანახმად, Nestlé-მ ფაქტი პირველად 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში დაადასტურა, თუმცა პროდუქციის საჯარო გაწვევა მხოლოდ იანვრის პირველ კვირაში დაიწყო.

Nestlé-ში აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ პროდუქტებთან დაკავშირებული დაავადების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ცნობისთვის, ქართული ბაზრიდან ტოქსინით დაბინძურებული პროდუქციის ამოღება Neste-სა და Lactalis-ის ბრენდებს შეეხო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, "ნესტლე საქართველოს" ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი 8 იანვარს დაიწყო. 22 იანვარს კი სეს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დაიწყო მოკვლევა Lactalis-ის Picot-სთან დაკავშირებით.

23 იანვარს საკითხს თავად კომპანიაც გამოეხმაურა და განაცხადა: "მაღალი პასუხისმგებლობით გიზუსტებთ, რომ კომპანიის მხრიდან ეს ქმედება არის პრევენცია, მწარმოებელმა საკუთარი ინიციატივით ამოიღო მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული პარტია, შესაძლო რისკის გამო. მხოლოდ ის პარტიები სადაც იყო გამოყენებული გარე მომწოდებლისგან მიღებული ინგრედიენტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა მომხმარებლის ჩივილი და დამახასიათებელი სიმპტომები".

"ნესტლე საქართველოს" ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს - სეს

სეს-ის გაფრთხილება: სააგენტომ ბავშვთა საკვებ Picot-სთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები