ნეტო დარიცხვის სისტემის ფარგლებში დადგენილი ტარიფი მომავალი წლისთვის გადაიხედება და მისი ზრდაა მოსალოდნელი - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს.
საქმე ისაა, რომ როგორც მზის სადგურების მშენებელ კომპანიებში აცხადებენ, ამ დროისთვის ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობა შეფერხებულია, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლა და სქემის ფარგლებში დადგენილი დაბალი ტარიფებია. ამ დროისთვის “ენერგო პროსთვის” დადგენილი ტარიფი 5.5 თეთრია, ხოლო “თელასისთვის” 8.5 თეთრი.
როგორც დავით ნარმანიამ BMG-ს განუცხადა, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების მიერ ასანაზღაურებელი ტარიფი გარდამავალია და მისი კორექტირება ყოველწლიურად მოხდება.
რაც შეეხება ნეტო დარიცხვის სისტემის ფარგლებში მაქსიმალურ დადგმულ სიმძლავრეს, ნარმანია აცხადებს, რომ მისი გადახედვა არ იგეგმება და ის კვლავ 100 კილოვატამდე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე გავრცელდება.
“ჭარბი ენერგიის ფასი, რომელიც გადაედინება ქსელში, ყოველწლიურად იქნება ცვალებადი და ეს დაკავშირებული იქნება უნივერსალური მიმწოდებლის საშუალო საბაზრო კალათასთან, საშუალო ენერგიის კალათის ღირებულებასთან. აქედან გამომდინარე, ის მხოლოდ პირველი გარდამავალი პერიოდისთვის იყო ასეთი მცირე, შემდეგ უკვე მარეგულირებელი კომისია ყოველწლიურად გამოაქვეყნებს საშუალო კალათის ღირებულებას და ის იქნება უფრო მეტი, ვიდრე ამ გარდამავალ პერიოდში იყო.
მიკროსიმძლავრეები, რაც 100 კილოვატით არის განსაზღვრული და ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩაერთო, ეს არის ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის გამოყენებული ენერგია. მთელ ევროპაშიც ასეა და თუ ჩვენ გვაქვს ევროპისკენ სწორება, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გვქონდეს ისეთი მოდელი, როგორიც არის ევროპაში. ნეტო-აღრიცხვის მოდელი ბევრმა კომპანიამ, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა გამოიყენა, როგორც ბიზნესის საშუალება და წყარო, ვინაიდან მას დადგმული სიმძლავრის მაქსიმუმი 500 კილოვატი ჰქონდა. გარდა ამისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათები იყო ქსელურ კომპონენტში ჩვენს მიერ დადგენილი. მაგრამ ნეტო-აღრიცხვის და ნეტო-დარიცხვის სქემების მთავარი საფუძველი არის, რომ დიდწილად საკუთარი მოთხოვნა რაც არის ენერგიაზე, ის იქნას დაკმაყოფილებული და მხოლოდ მცირედი ნაწილი, რაც რჩება, იმის გადადინება მოხდეს ქსელში და მოხდეს შესაბამისი ანგარიშსწორება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, 1 ოქტომბრიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში ხორციელდება. ახალი მოდელის ფარგლებში კი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე მიიღებს შესაბამის საფასურს.




























