მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NGO-ების ფინანსურ მონაცემთა 70-80% სახელმწიფოსთვის ისედაც ხელმისაწვდომია - აუდიტორი

დავით

"კრესტონ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორის განცხადებით, "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების" რეესტრში რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი მონაცემების დიდი ნაწილი სახელმწიფოსთვის ისედაც ხელმისაწვდომია. აუდიტორმა დავით პაპიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში "რუსული კანონის" საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფოსთვის ფინანსური ინფორმაციის წარდგენაზე ისაუბრა.

"ამ ინფორმაციის, დაახლოებით, 50% - სხვადასხვა განაცემები, ხელფასები, ანაზღაურებები, ყველაფერი, რაც კავდება საშემოსავლო გადასახადით, შემოსავლები და ხარჯები, გამოწერილი და მიღებული ფაქტურები და ზედნადებები - შემოსავლების სამსახურის სერვერებზე ისედაც ხელმისაწვდომია და, საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, ამ პროცესს საჯარო რეესტრი უწევს მონიტორინგს და უფლებამოსილია, წვდომა ჰქონდეს ამ ინფორმაციაზე.

დარჩენილი ინფორმაციის 20-30% კი შესაძლოა საჯარო იყოს, რადგან ორგანიზაციები ფინანსურ ანგარიშგებებს ბუღალტრული აღრიცხვების, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის (SARAS)-ის პორტალზე ტვირთავენ. ეს არის ინფორმაცია კომპანიის შემოსავლების, ხარჯების, ფინანსური ვალდებულებების შესახებ", - განმარტავს პაპიაშვილი.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც შემოსავლების სამსახურის პორტალსა და SARAS-ზე არ არის ხელმისაწვდომი, პაპიაშვილის თქმით, სრულადაა აღწერილი კომპანიების ბუღალტრულ აღრიცხვებში და, მისი აზრით, შესაძლებელი იყო, სახელმწიფოს სწორედ ეს ინფორმაცია გამოეთხოვა ორგანიზაციებისგან.

"ინფორმაციის 20-30%, რომელიც არც საშემოსავლო სამსახურში, არც SARAS-ზე არ არის ხელმისაწვდომი, 100%-ით ხელმისაწვდომია კომპანიის ბუღალტრულ ბაზაში - ყველა კომპანია, ორგანიზაცია თუ ა(ა)იპ-ი ელექტრონულად აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სხვადასხვა პროგრამაში, რომლის ჩამოწერა და ფლეშ-მეხსიერებაზე შენახვაა შესაძლებელი. მასში 100%-ითაა შევსებული ის ინფორმაცია, რაც "გამჭვირვალობის კანონით" არის მოთხოვნილი.

ბუნებრივია, კომპანიის ბუღალტრული ბაზა საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, თუმცა, თუ მოხდება ორგანიზაციებიდან ამ ბაზების გამოთხოვა, სახელმწიფო, ინფორმაციის 99%-ს მიიღებდა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ რა ფორმის შევსებასაც კანონი ითხოვს, იგივე ბუღალტრული აღრიცხვაა, თუმცა ახლებური ფორმით", - ამბობს აუდიტორი.

დავით პაპიაშვილი აღნიშნავს, რომ ერთადერთი განსხვავება, რაც NGO-ების მიერ სახელმწიფოსთვის უკვე წარდგენილ მონაცემებსა და "რუსული კანონით" მოთხოვნილ დეკლარაციას შორისაა, ეს პერსონალური ინფორმაციაა.

"ფინანსურ ანგარიშგებაში ორგანიზაციის შემოსავლები და ხარჯები დეტალურადაა ჩაშლილი, მაგრამ პერსონიფიცირებული არ არის, სახელით გვარით და პირადი ნომრით არ არის ჩაწერილი გადახდები. ახლა კი მეტწილად საუბარია, რომ კონკრეტულ ადამიანზე გადახდილი თანხები მიზეზის მითითებით უნდა აღირიცხოს.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ [კანონი] ითხოვს იმას, რაზეც ორგანიზაციას შეუძლია თქვას, რომ სხვადასხვა ბაზაში უკვე აღრიცხული აქვს... საბოლოო ჯამში, თუ ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია, უბრალოდ არა ერთ ადგილას და ერთი ფორმით, მაგრამ ჩვენ ამ ინფორმაციას მაინც ვითხოვთ და ორგანიზაციებს დამატებით ტვირთად ვაწვებით, ბუნებრივია, ამას არანაირი მიზანი არ აქვს, რომ გამჭვირვალობას ემსახურებოდეს და გამოდის, რომ სხვა მიზანს ემსახურება", - აცხადებს პაპიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები