მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოური კომპანიებისგან საწევრო თანხას არ ვიღებთ"|როგორ აისახა "რუსული კანონები" EUGBC-ის საქმიანობაზე?

ზვიად ჭუმბურიძე

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, EUGBC იძულებული გახდა, უცხოურ კომპანიებს საწევრო გადასახადი არ გადაახდევინოს, რათა ორგანიზაციას ე.წ. „ქართული FARA”-ს რეესტრში რეგისტრაცია არ მოუწიოს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თქვა, სადაც ჟურნალისტმა ზვიად ჭუმბურიძეს 2025 წლის განცხადება შეახსენა: „EUGBC-ში გაწევრიანების მსურველ კომპანიებს პასუხს ვუჭიანურებთ, რადგან FARA შეგვეხება“.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ვინაიდან EUGBC-ის შემოსავლის ძირითადი წყარო საწევრო შენატანები იყო, გადაწყვეტილებამ ორგანიზაციის ბიუჯეტზეც იქონია გავლენა, რაც ლოგიკურად, პირდაპირ აისახა სხვადასხვა აქტივობის შემცირებაზე - იქნება ეს კონფერენცია თუ ბიზნესფორუმი.

ინტერვიუ ზვიად ჭუმბურიძესთან

- 2025 წლის ზაფხულში, „წერტილთან“ ინტერვიუში თქვენ გამოთქვამდით იმედს, რომ „რუსული კანონის“ მსგავსად, პრაქტიკაში ვერ იმუშავებდა ე.წ. „ქართული FARA”-ც... მას შემდეგ, კიდევ უფრო გამკაცრდა უცხოეთიდან ფულის მიღება, მათ შორის - გრანტების. საბოლოოდ, მოგიწიათ „ქართული FARA”-ს რეესტრში რეგისტრაცია?

- არა. ჩვენ არ დავრეგისტრირებულვართ და არც გვიწევს, ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის არამომგებიანი (ააიპ), რომელიც მხოლოდ საწევროებით ფინანსდება...

- მახსოვს, თავად უცხოური კომპანიების საწევრო გადასახადების ნაწილშიც ხედავდით გარკვეულ რისკებს...

- საწევრო შენატანები, რომლებსაც კომპანიები იხდიდნენ, ისევ ბიზნესის განვითარებას ხმარდებოდა, მაგრამ ახლა საწევროების რაოდენობა, ფაქტობრივად, განახევრდა. ჩვენი საბჭოს წევრების დიდი ნაწილი, დაახლოებით, 40-45%, უცხოური კომპანიებია, რომელთაგანაც საწევროს აღარ ვიღებთ. წარმოიდგინეთ, რა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით...

- ამას აკეთებთ იმიტომ რომ „აგენტების რეესტრში“ არ მოგიწიოთ რეგისტრაცია?

- დიახ, რათა არ ჩაითვალოს, თითქოს საბჭოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი თანხები შედის. ნახეთ, რა უხერხული ვითარებაა... ქართულ კომპანიას ამას კიდევ ავუხსნი, რადგან ქართველი მეწარმეები ბრწყინვალედ ხვდებიან ქვეყანაში არსებულ რეალობას, მაგრამ როგორ უნდა აუხსნა ეს ბულგარელ, რუმინელ ან თუნდაც ფრანგ პარტნიორს? ახლახან გვქონდა საუბარი, რომ საფრანგეთში ჩავატაროთ მრგვალი მაგიდა - ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის შეხვედრა ფრანგულ მხარესთან არ ყოფილა. ორი კვირის წინ საფრანგეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსულები, შეხვედრაც გავმართეთ, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც პასიურ რეჟიმში ხდება. სამწუხაროდ, ბევრ საკითხზე პასუხი უბრალოდ არ გვაქვს. ელემენტარულია - როდესაც კომპანიას საბჭოში აწევრიანებ, მაგრამ საწევროს ვერ ახდევინებ, ამას დასაბუთება სჭირდება. ჩვენ არ ვმალავთ და ვუხსნით, რომ ეს დროებითი პროცესია. ველოდებით, რომ ვითარება ისე დარეგულირდება და აეწყობა, რომ ეკონომიკისა და ბიზნესისთვის სასიკეთო იყოს... თუმცა თავად წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგია იხარჯება იმაზე, რომ ევროპელ, აზერბაიჯანელ თუ სომეხ პარტნიორებს განუმარტო, რატომ ვერ აწევრიანებ მათ სრულფასოვნად და რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული.

- რამდენად ართულებს არსებული მდგომარეობა ორგანიზაციის მუშაობას? მახსოვს, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბიზნესორგანიზაცია იყავით, რომელიც ხშირად ატარებდა როგორც რეგიონალურ ბიზნესფორუმებს, ისე კონფერენციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით...

- ბოლოს, შარშან ნოემბერში ჩავატარეთ „შავი ზღვის პლატფორმის“ ფორუმი, სადაც ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან დაახლოებით 30-კაციანი დელეგაცია იყო ჩამოსული; ასევე იყვნენ წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ანუ ჩვენ მიერ ინიციირებული და დაარსებული პლატფორმა დღესაც მოქმედებს, თუმცა იცით, რა არის?! პრაქტიკულად მარტო დავრჩით. არასამთავრობო ორგანიზაციას თუ არ ექნა კომუნიკაცია და თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, მუშაობა ძალიან გაჭირდება. როდესაც საერთო მიზანი გვაქვს - მაგალითად, „შუა დერეფნის“ გაძლიერება - ამას ერთი ორგანიზაცია დამოუკიდებლად ვერაფრით გააკეთებს... ჩვენ არა გვაქვს კომუნიკაცია მთავრობასთან.

- საერთოდ, არანაირი კომუნიკაცია არ გაქვთ ხელისუფლებასთან?!

- დიახ... ერთი რამ არ მესმის და ვერც გავიგებ - სანამ საქართველოს ევროპული გზა არ დაბრუნდება, რაზე უნდა ვისაუბროთ მთავრობასთან?! მართლა არ მესმის, რა თემაზე უნდა ველაპარაკოთ მმართველ პარტიას ან ბიზნესის განვითარებაზე როგორ ვიმსჯელოთ, როდესაც ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე ვართ. ბოლო 35 წელი, როგორც აღმოჩნდა, საკმარისი არ ყოფილა. ჩვენ გვეგონა, რომ რაღაცას უკვე მივაღწიეთ: ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი... ნაცვლად იმისა, რომ დღეს მეტი მოგვეთხოვა და ეს ყველაფერი ნორმალურ, ცივილურ, დიპლომატიურ ურთიერთობებში გადაზრდილიყო, საქმე გვაქვს აბსოლუტურად გაუგებარ პროცესთან. ჩემი აზრით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ინტერესების ღალატი - იქნება ეს გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი. თუ გაცნობიერებულია, ეს კატასტროფაა, ხოლო თუ გაუცნობიერებელი - ესეც უმძიმესი რეალობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები