მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NGO-ების რომელ პროექტებს დააფინანსებს სახელმწიფო? - "ოცნების" დეპუტატები გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

ბიუჯეტი

„ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ის პროექტები დაფინანსდება, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან თანხვედრაში იქნება.

ირაკლი კირცხალია პარლამენტში ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ირწმუნება, რომ სახელმწიფო ყველას დააფინანსებს, ვინც ეროვნული მოტივებით პროექტს წარადგენს.

„სწორედ ისე წარმომიდგენია დაფინანსება, როგორც წარმოედგინათ უცხო ქვეყნიდან მიღებული დაფინანსებები კონკრეტული მიმართულებით. ერთი განსხვავება იქნება უბრალოდ - რეალურად ეს ყველაფერი დაიხარჯება, იმ ეროვნული და მართლაც სახელმწიფოებრივი პროექტებისთვის, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა. ძალიან კარგად გახსოვთ რომ ადრეც იყო დაანონსებული.

რაც შეეხება ფორმას როგორ იქნება სახელმწიფო - ამ ყველაფერს შექმნის პროცესში თქვენც და სახელმწიფოც გაიგებს. რაც შეეხება თანხას 20 მილიონს, აქაც გაკეთდა განცხადება, რომ ეს თანხა პირდაპირ ვერ იქნება გამოყოფილი. პირველ ეტაპზე გამოიყო 20 მილიონი და ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი, რომელიც მოვა და მოიტანს პროექტს, რომელიც იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მიმართულების განსავითარებლად, ეს იქნება კვლევა, რაიმეს აღდგენა ან ა.შ. ეს ყველაფერი დაფინანსდება ეროვნული მოტივებით და სახელმწიფოებრივი მოტივებით და არა 100%-იდან 80% ქვეყნის ამოსატრიალებლად და 20% პირობითად სოფლის მეურნეობაში თუ ფასადის გასალესად“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

კითხვაზე პროექტების შერჩევისას მიიღება თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ის იმეორებს, რომ მიიღებენ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს.

„რა შუაშია პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ერთი, რომ ნებისმიერ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტს უნდა ჰქონდეს გზა და დაფინანსება - წარმოადგენენ პროექტს, შეფასდება და მიიღებენ დაფინანსებას. ამ ყველაფრის შეკვრა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე რა პროექტებს მოიტანენ და რომელი პროექტი როგორ წაადგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ და იქვე დასძინა, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია ასეთ პროექტებს ვერ მიიტანენ.

მმართველი ძალის კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ გრანტის შესახებ კანონში ინიციირებული ცვლილებები, იმ პროგრამების შეუფერხებელი განხორციელებისთვის შედის, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ემსახურებიან.

„ის პროგრამები, რომ არ გაჩერდეს, რომელიც კეთილსინდისიერად ქართულ საზოგადოებას ემსახურებოდა, მაგალითად, რეგიონებში ხალხის ჩართულობა, სოფლის მეურნეობის პროექტები, რეგიონებში მთელი ინიციატივებია, რომელიც სოფელს სჭირდება, ეს პროექტები რომ არ შეყოვნდეს და გაჩერდეს, ჩვენ შეგვაქვს ახლა ცვლილება გრანტის შესახებ კანონში. გვექნება ობიექტური, სამართლიანი, საქმეზე ორიენტირებული ურთიერთობა არასამთავრობო სექტორთან. მგონია, რომ ეს ადრეც იყო გასაკეთებელი. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ის ვინც საქმის გამკეთებელია, რომელსაც აქვს წარსული, ვინც მუშაობდა, ახალი ორგანიზაციები, რომლებზეც დავრწმუნდებით, რომ საქმეზე არიან აქცენტირებული და ნამდვილად სჭირდებათ იმ სოფელსა თუ რეგიონში მათზე იქნება და ეს არ იქნება ცალმხრივად გადაწყვეტა. იქნება გარკვეული კომისია, რომელიც შეარჩევს, შეაჯერებს, ანალიზს გააკეთებს და შესაბამისად იქნება სამართლიანი დაფინანსება“, - განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: მთავრობამ პარლამენტში გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების დააინიციირა. საკანონმდებლო ინიციატივის ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ქმნის. სსიპ-ის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა "საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან". ცვლილების მიღების შემდეგ, სახელმწიფო სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უფლება ექნება. ახალ სსიპ-ში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტით წელს გრანტების სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები