მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NGO-ებმა ევროპულ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია ,,რუსული კანონის” მიღების შემდეგ გაუარესებულ მდგომარეობაზე - საია

საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ,,რუსული კანონის” მიღების შემდგომ გაუარესებული მდგომარეობის, შემზღუდველი ახალი კანონების მიღების, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა.

„რუსულ კანონზე” და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ევროპულ სასამართლოს 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა. სასამართლომ საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაიწყო, რის შემდგომაც საქმის განხილვა ახალ ეტაპზე გადავიდა. სასამართლომ უკვე მიიღო სახელმწიფოს პასუხი საჩივართან დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების წერილობით არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა.

სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. ამასთან, საიას ცნობით, სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

"იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ პოზიციაში დამალა/არ მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია “FARA”-ს მიღებისა და ,,გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორის შევიწროებისა და დევნის მექანიზმებია და თავისი არსით წარმოადგენს ,,რუსული კანონით” დაწესებული შემზღუდველი რეჟიმის გაგრძელებას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით ,,რუსული კანონი” არ არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებს.

მომჩივნებმა სასამართლოს წარუდგინეს ინფორმაცია იმ რეპრესიული მექანიზმების და ეფექტების შესახებ, რაც ,,რუსული კანონის” ძალაში შესვლიდან დღემდე უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების პროცესის შესახებ.

საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს ისიც, რომ მასში მესამე მხარედ ჩართვა ადამიანის უფლებების დამცველმა 8 საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ 21 სუბიექტის სახელით მოითხოვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქმის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების მიმართ იმ სისტემურ რეპრესიებს, რომლებსაც საკანონმდებლო დონეზე სათავე ,,რუსული კანონით” დაედო. საქმეში მესამე მხარის მოსაზრებები წარადგინეს, მათ შორის ვენეციის კომისიამ და ამნესთი ინთერნეშენალმა", - აცხადებენ საიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები