ნიდერლანდები საქართველოს ხელისუფლებას "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მისიის მუშაობის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებას საელჩო ავრცელებს.
"დღეს, ნიდერლანდებმა და ეუთოს მონაწილე 23-მა ქვეყანამ "მოსკოვის მექანიზმი" აამოქმედა, რაც გულისხმობს ფაქტების დამდგენი მისიის შექმნას საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად. ჩვენ რამდენჯერმე გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის ნოემბერში დემონსტრაციების დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა ანგარიშებში ასახულ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობის გამო.
იმედი გვაქვს, რომ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას", - წერია განცხადებაში.
ეუთოს წევრი 24 ქვეყნის საერთო განცხადებიდან გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოები საქართველოსთან დაკავშირებით "მოსკოვის მექანიზმს" აამოქმედებენ.
"მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტია, რომელიც მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, ეუთოს რეგიონში ადამიანური განზომილების კუთხით არსებული კონკრეტული, გადაუდებელი და რთული დარღვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი, სპეციალური (ad hoc) საექსპერტო მისიები ჩამოაყალიბონ.
აღნიშნული მექანიზმი სცდება დიალოგის ფარგლებს და, ODIHR-ის მხარდაჭერით, ფაქტების დადგენის მისიებს საშუალებას აძლევს, მოამზადონ ანგარიშები სამიზნე სახელმწიფოს თანამშრომლობის გარეშეც კი.




























