ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ბანკში, ABN AMRO-ში საკონტროლო პაკეტი დათმო და მინორიტარ აქციონერად გადაკეთდა. თუ ბოლო ტრანზაქციამდე, სახელმწიფო ბანკის 56.3%-იან წილს ფლობდა, ამიერიდან, სახელმწიფოს პორტფელში 49.9%-იანი წილი და 6.4%-ის სადეპოზიტო სერტიფიკატები იქნება წარმოდგენილი.
ეს გარიგება, ნიდერლანდების მთავრობამ ჯერ კიდევ თებერვალში დააანონსა, ხოლო თავად ბანკის აქციების გასხვისების პროცესი წლებია, რაც გრძელდება. 2017 წლის სექტემბერში, მაგალითად, სახელმწიფომ ABN AMRO-ს 7%-იანი წილი, €1.5 მილიარდად გაყიდა.
თავის დროზე, ბანკის აქციონერებს შორის სახელმწიფო გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ მოხვდა, როცა ფინანსურ ინსტიტუტს €22 მილიარდი გამოუყო, რითაც ის გაკოტრებას გადაარჩინა. მას შემდეგ, ABN AMRO საცალო საბანკო მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკად იქცა, ხოლო 2015 წელს, კომპანიის აქციები ამსტერდამის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. დღეს, ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო კაპიტალიზაცია $12.5 მილიარდს აღემატება.

























