ნიდერლანდებს ახალი მთავრობა ჰყავს - 38 წლის ცენტრისტი რობ იეტენი ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელი და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, ღიად გეი ლიდერი უკვე ოფიციალურად გახდა.
რიგგარეშე არჩევნებიდან 117 დღის შემდეგ, მან წარმატებით დაამარცხა გერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე კოალიცია და მემარჯვენე-ცენტრისტული უმცირესობის მთავრობა ჩამოაყალიბა. პარლამენტში, სადაც მმართველი გუნდი 150-დან მხოლოდ 66 მანდატს ფლობს, ახალ პრემიერს კანონპროექტების დამტკიცება მრავალ დათმობაზე წასვლით მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ქმედითი ვერ იქნება. ამის მიუხედავად ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის სიდიდით მეხუთე ეკონომიკის სათავეში მკვეთრად პროევროპული ძალის მოსვლა ოფიციალური ბრიუსელისთვის მაინც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამარჯვება იქნება.
მაკროეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, ახალი მთავრობის მთავარი სამიზნე თავდაცვის სფეროს დაფინანსების მკვეთრი ზრდა და აგრარული სექტორის ტრანსფორმირება იქნება. კაბინეტი ათობით მილიარდი ევროს მობილიზებას გეგმავს, რათა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი NATO-ს მოთხოვნას გაუთანაბრდეს და მთლიანი შიდა პროდუქტის 5% შეადგინოს. ამ მასშტაბური სამხედრო ინვესტიციის პარალელურად, იეტენის გუნდი ნიდერლანდების მეცხოველეობის ინდუსტრიაში მავნე ემისიების მკვეთრად შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სრულ ინტეგრაციას ევროპის მწვანე ეკონომიკის სტანდარტებთან.




























