21 ნოემბერს, ბერლინში ნიგერიულმა და გერმანულმა კომპანიებმა ორ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც $500 მილიონის განახლებადი ენერგიის პაქტს და გაზის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას მოიცავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იუწყება.
ნიგერიის Union Bank-მა და გერმანიის DWS Group-მა განახლებადი ენერგიის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ნიგერიის მასშტაბით განახლებადი ენერგიის პროექტებში $500 მილიონის ინვესტიციის გამოყენებას.
მეორე მემორანდუმი გაზის ექსპორტის პარტნიორობის შესახებ იყო. შეთანხმება ნიგერიის Riverside LNG-სა და გერმანიის Johannes Schuetze Energy Import AG-ს შორის დაიდო. შეთანხმების მიხედვით, ნიგერია გერმანიას ყოველწლიურად 850 000 ტონა ბუნებრივ აირს მიაწვდის, რაც, სავარაუდოდ 1,2 მილიონამდე გაიზრდება. ნიგერიის პრეზიდენტის სპიკერის ინფორმაციით, ნიგერია გერმანიას პირველ ბუნებრივ აირს 2026 წელს მიაწვდის.
აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია 2030 წლამდე აფრიკაში მწვანე ენერგეტიკის პროექტებში 4 მილიარდი ევროს ინვესტირებას განახორციელებს.