მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს. მის მიმართ აღსრულდა კანონი - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ნიკა მელიამ პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და მის მიმართ აღსრულდა კანონი, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნიკა მელიას დაკავებაზე განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვისას, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას.

„ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ნამდვილად. რა ვიცი, რაზე აქვს მას პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს. ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. არავის ეს არაფერში აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მოგვიანებით მას მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდება. კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და აღსრულდა კანონი მის მიმართ. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა დაისჯება შესაბამისი წესით - ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც უნდა მოქმედებდეს და მოქმედებს სამართლის უზენაესობის პრინციპი, ამას ყველა უნდა შეეგუოს. სახელმწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვისას, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას,“- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავებაზე ბრიუსელის კრიტიკულ გამოხმაურებას, კობახიძის თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში მძიმე კრიზისია.

"რამდენიმე წლის წინ, როდესაც კანონი იყო საქართველოში აღსასრულებელი და საქართველოში კანონის აღსრულებას, სამართლის უზენაესობას პირდაპირ დაუპირისპირდა მაშინ, როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ბიუროკრატია. გახსოვთ მაშინდელი განცხადებები, მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მოქმედება იყო თავიდან ბოლომდე კანონიერი და სამართლიანი, თუმცა დღემდე ბოდიში არავის მოუხდია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს ის განცხადებები, ანალოგიური განცხადებები, რომლებიც კეთდება დღესაც. ეს მეტყველებს ძალიან მძიმე კრიზისზე, რომელიც დღეს არის ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს არის პოლიტიკური, დემოკრატიული და სამართლებრივი კრიზისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ Deep State-ის გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე შესუსტდება, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია ამ კრიზისის დაძლევა. იმედია, რომ ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ მოახერხებს კრიზისის დაძლევას. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განვითარდეს ევროკავშირი, როგორც წესებზე დაფუძნებული სისტემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები