მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NIKE-მ დირექტორი გაათავისუფლა და შემცვლელი პენსიიდან გამოიყვანა

ელიოტ ჰილი

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Nike-ი, რომელიც წინა კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ინვესტორთა რისხვის მსხვერპლი აღმოჩნდა, დიდი საკადრო გადალაგების წინაშე დგას. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ Nike-ის გენერალური დირექტორი, ჯონ დონაჰოუ თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის შემცვლელად კომპანიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამერიკული კორპორაციული სისტემის ჭეშმარიტი ვეტერანი ელიოტ ჰილი დანიშნა, რომელიც, სხვათა შორის, 2020 წელს პენსიაზე გავიდა. დირექტორთა როქირება 14 ოქტომბერს შედგება, რის შემდეგაც ჯონ დონაჰოუ პენსიაზე გავა, მაგრამ კომპანიაში მრჩევლად დარჩება.

ჯონ დონაჰოუს გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდება იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც ამერიკული გიგანტი ივნისის ბოლოს აღმოჩნდა, როცა ცუდი კვარტალური შედეგები და არანაკლებად არადამაჯერებელი სამომავლო პროგნოზი გაავრცელა. ინვესტორები ამ სიახლეს იმდენად ნეგატიურად შეხვდნენ, რომ კომპანიის აქციების ფასი, ერთ დღეში, 20.7%-ით შემცირდა. Nike-ის ეს დროებითი დაღმასვლა ახალი ბრენდებისგან არსებულ კონკურენციას დაჰბრალდა და კომპანიაში დაბრუნებული ელიოტ ჰილის მთავარი დავალება სწორედ იმ დონიმაციის აღდგენა იქნება, რომელიც Nike-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში აქვს.

Nike-ის მენეჯმენტში განსახორციელებელ ცვლილებას ინვესტორები დადებითად შეხვდნენ და დახურული ვაჭრობის დროს, რომელიც ბირჟის ოფიციალურ გახსნამდე ხორციელდება კომპანიის აქციების ფასმა 10.4%-ით იმატა. Nike-ისგან განსხვავებით, მკვეთრად შემცირდა ამერიკული კომპანიის ორი მთავარი კონკურენტის, გერმანული Adidas-ისა (-4%) და Puma-ს (-6%) შეფასება. საფონდო ბირჟაზე ამგვარად გადალაგებული ვითარება მიგვანიშნებს, რომ ახალი გენერალური დირექტორისგან ინვესტორები ახალი პროდუქტებისა და რევოლუციური ტექნოლოგიების გამოშვებას ელოდებიან, რომელიც Nike-ის ბრენდს მის ძველ დიდებას დაუბრუნებს.

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის მენეჯმენტში შემდგარი როქირება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ Nike-ის სამეთვალყურეო საბჭომ მოიყვანა არა უბრალოდ მენეჯერი, არამედ ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება სწორედ Nike-ში აქვს გატარებული. ელიოტ ჰილმა მშვენივრად იცის, თუ რას ნიშნავს Nike-ის ბრენდი და როგორ უნდა იმართებოდეს ამ ტიპისა და მასშტაბის კომპანია. თავად ჯონ დონაჰოუ კი ხარჯების ოპტიმიზაციაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ამ ნაბიჯით შემოსავალი გაეზარდა, პირიქით - შეამცირა. ამ პროცესით Nike-ის ბრენდმაც იზარალა და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ Nike-ის საკულტო ფეხსაცმელი, მათ შორის Air Jordan-ები, Air Force 1-ები და Dunk-ები, რომელთაც დიდად რეკლამაც არ სჭირდებათ, ფაქტობრივად აღარავის სურდა.

საპირწონედ ამისა, გერმანულმა Adidas-მა 1980-იანების საკულტო ფეხსაცმელი, Samba გააცოცხლა, რომელიც ჯენზი-თაობის საყვარელ ფეხსაცმლად ჩამოყალიბდა და Adidas-ის შემოსავალი მკვეთრად გაზარდა, თანაც იმის ფონზე, რომ ცოტა ხნით ადრე, გერმანულმა ბრენდმა ჰიპ-ჰოპ არტისტთან და დიზაინერთან, კანიე უესტთან ურთიერთობა გაწყვიტა და მისი სამოდელო ხაზი, Yeezy გააუქმა, რაც კომპანიას ძალიან ძვირი დაუჯდა. Samba-სთან ერთად, Adidas-მა კიდევ რამდენიმე ძველი მოდელი გააცოცხლა და Nike-ის შესუსტების ფონზე, ბაზრის ერთგვარ დომინანტად ჩამოყალიბდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები