სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაა დაგეგმილი: ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, გაიმართება საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა და სხდომის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს.
პარალელურად, დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, მაკა ბოჭორიშვილისა და არარატ მირზოიანის სამუშაო შეხვედრა.
საგარეო უწყების განმარტებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან განათლების, ტერიტორიული მართვისა და ეკონომიკის მინისტრები.




























