მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NIKOLA-ს დამფუძნებელი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს, მას 4 წლამდე პატიმრობა მიესაჯა

Nikola

ჰიბრიდული და ელექტრონული სატვირთოების მწარმოებელი კომპანია Nikola-ს დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, ტრევორ მილტონი აშშ-ის სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, მას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მილტონს ბრალად ედება: ინვესტორების შეცდომაში შეყვანა, კომპანიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, აქციონერების მოტყუება, ვალდებულებების შეუსრულებლობა და ფინანსური ანგარიშგების მანიპულაცია.

კომპანია Nikola მილტონმა 2014 წელს დააფუძნა და 2020 წელს მისი აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდა, IPO-დან რამდენიმე დღეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $25-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საფონდო ბირჟამდე განთავსებამდე მილტონმა განსაკუთრებით გაააქტიურა მარკეტინგული კამპანია, რომლითაც მან საზოგადოებაში კომპანიის მიმართ უჩვეულოდ დიდი ინტერესი აღძრა.

იდეოლოგიურ დონეზე Nikola კომპანია Tesla-ს კონკურენტია, უფრო კონკრეტულად Tesla Semi-ს, თუმცა ილონ მასკის კომპანიის განსხვავებით, Nikola-ს ელექტრონული სატვირთოს მუშა პროტოტიპიც კი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ IPO-ს წინ Nikola-მ სარეკლამო რგოლიც გაავრცელა, სადაც კომპანიის ახალი სატვირთო ავტომობილი იყო წარმოდგენილი, თუმცა როგორც ირკვევა, ვიდეო რგოლი დადგმული იყო, მოძრავი სატვირთო კი რეალურად არ არსებობდა.

საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული რეკორდული $25-მილიარდიანი შეფასების შემდეგ, Nikola-ს აქციების ღირებულება 99%-ით დაეცა და ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები