ხელნაკეთი ხის სათვალის მწარმოებელმა ბრენდმა "ნიკოლო ბრეგამ“ საათების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბრეგაძემ განაცხადა.
„სათვალე არის ჩვენი ძირითადი პროდუქცია, მაგრამ მომხმარებლისგან მოთხოვნა იყო, რომ სხვა პროდუქციაც დაგვემატებინა. ძირითადი აქცენტი საათზე გაკეთდა და წარმოებაც დავიწყეთ. საათების ხაზი 2-წლიანი მუშაობისა და მრავალჯერადი ტესტირების შედეგია, სადაც სადა და მინიმალისტურ დიზაინში იაპონური მექანიზმია მოთავსებული. იქიდან გამომდინარე, რომ ვხატავ და ესკიზებს თავად ვქმნი, გადავწყვიტე ჩემი ესკიზები რეალობად მექცია და საათების წარმოება დამეწყო", - ამბობს ნიკოლოზ ბრეგაძე.
Nikolo Brega-ს საათის მოდელი ბაზარზე სამი განსხვავებული დიზაინით არის წარმოდგენილი. ესენია: ხის, მეტალის და ვერცხლის ჩარჩოთი. ხის და მეტალის მოდელების ფასი 400 ლარია, ვერცხლის მოდელი კი, 1000 ლარი ღირს.
გეგმებზე საუბრისას, ნიკოლოზ ბრეგაძემ განაცხადა, რომ საათების ამერიკაში ექსპორტს აპირებს, სადაც ამ დრომდე სათვალის ექსპორტს ახორციელებდა, ხოლო ევროპის მასშტაბით, ონლაინგაყიდვებით იქნება წარმოდგენილი.
Nikolo Brega ქართულ ბაზარზე 3 წელზე მეტია რაც ოპერირებს და მომხმარებელს ხელნაკეთ სათვალეს, ჩანთებს და ახლა უკვე საათებსაც სთავაზობს. Nikolo Brega-ს კოლექციას 10-კაციანი გუნდი ქმნის.