მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ჯანგირაშვილი: "აჰა, მოვიდა ინკასო...ეს ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს"

5e036cfc53b55
BM.GE
25.12.19 18:04
2392
ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის ანგარიშებს ინკასო დაედო. მიზეზი ტელეკომპანია “კავკასიას” ვალია, რომელიც მათ სახელმწიფოს წინაშე ჰქონდათ. აღნიშნული ვალის დაფარვისთვის ტელეკომპანიებს ერთდღიანი ვადა შემოსავლების სამსახურმა 23 დეკემბერს მისცა.

ნინო ჯანგირაშვილი წერს, რომ ინკასო მის ანგარიშზე ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს.

“აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია”,- აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელ ტელევიზიებს აფრთხილებს, - ამ შინაარსის განცხადება უწყებამ 23 დეკემბერს გაავრცელა და ტელეკომპანიებს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი გადასახადების ძირი თანხის გადახდისთვის ერთ დღიანი ვადა მისცა.

Bm.ge დაინტერესდა, რომელი ტელევიზია არ თუ ვერ იხდის გადასახადებს 1 ოქტომბრის შემდეგ და ვის ემუქრება ინკასო თუ ყადაღა; ასევე, რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ტელევიზია გადასახადებს არ/ვერ გადაიხდის და  კიდევ, რა ხდება იმ 55-მილიონიან დავალიანებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წლებია ტელევიზიებს ("იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს")  ბიუჯეტში გადასახდელად დაუგროვდათ.

როგორც აღმოჩნდა, ცენტრალური ტელევიზიების უმრავლესობას, მათ შორის ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, „მაესტრო“, „მთავარი“, „ფორმულა“, „პალიტრანიუსი“ 1 ოქტომბრიდან დღემდე ბიუჯეტის დავალიანება არ აქვთ, რაც შეეხება „TV პირველს“, ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დავალიანება აქვთ, თუმცა ფინანსთა სამინისტროს 16 დეკემბერს დავალიანების 15 იანვრამდე გადავადების მოთხოვნით მიმართეს.

განსხვავებულია ტელეკომპანია „კავკასიის“ მდგომარეობა. მისი დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ აგვისტოს შემდეგ გადასახადებს პრინციპულად არ იხდის და ბოიკოტს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე დიდი ტელევიზიები მილიონიან დავალიანებებს სრულად არ დაფარავენ.

bm.ge-ის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან საგადასახადო დავალიანება აქვს ასევე რამდენიმე რეგიონულ ტელევიზიასაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები