მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნინო მერის მეღვინეობა“ ამერიკაში ექსპორტზე გავიდა - კომპანიის გეგმები

6479e38991b5c
ნანუკა ნარიმანიძე
02.06.23 18:25
951
„ნინო მერის მეღვინეობა“, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ექსპორტზე ამერიკაში გავიდა და მოლაპარაკებებს კორეასთანაც აწარმოებს, - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა, ნინო მერის მაძღარაშვილმა გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენ სტაბილურად ვაგზავნით ღვინოს დანიასა და გერმანიაში, ასევე საფრანგეთში, ახლახან გავედით ამერიკაში ექსპორტზე, სადაც 600-1000 ბოთლ ღვინოს ვგზავნით, პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კორეასთან, სადაც ნიმუშებს უახლოეს მომავალში გავგზავნით. ამასთან, სამომავლო გეგმებშია ინგლისის ბაზარზე გასვლაც, რისთვისაც ძალიან ბევრ საერთაშორისო გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას“, - დასძინა მან.

ამასთან, დამფუძნებელი მიმდინარე წელზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2023 წელი სიახლეებით იყო სავსე.

„წელს გავზარდეთ მარანი და თბილისში, გავხსენით მეორე მაღაზია, ამასთან, მიმდინარე წელს 15 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, გვსურს, მიმდინარე წელს მარანსა და მაღაზიაზე ვიყოთ კონცენტრირებული, მომავალი წლიდან კი აქტიურად შევუდგეთ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის მიღებას“, - ამბობს ის.

ბრენდი 5 სახის ღვინოს აწარმოებს: ქისი, ხიხვი, რქაწითელი და ორიო სახის, მშრალი და ნახევრად მშრალი რქაწითელი, დამფუძნებლის თქმით, პროდუქციას საშუალო ფასები აქვს.

„გვსურს საქართველოში ბევრმა გასინჯოს ჩვენი ღვინო, შესაბამისად, ღვინის ფასი საშუალოა, იმის მიუხედავად, რომ ხარისხი უფრო მეტს მოითხოვს, ამ ეტაპზე ფასის გაზრდას არ ვგეგმავთ, წითელი ღვინოების ფასი 45-50 ლარია, ხოლო თეთრი ღვინის ფასი 35 ლარია“ - დასძინა ნინო მერის მაძღარაშვილმა.

ცნობისთვის: “ნინო მერის მეღვინეობა” 2018 წელს დაარსდა და მეხუთე წელია ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, კომპანიის მარანი გურჯაანში მდებარეობს, პროდუქციის შეძენა თბილისის მასშტაბით ორ ლოკაციაზე, სიონის N13-ში და კოსტავას N40-ში, “ნინო მერის ღვინის სელექციაშია” შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები