მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ხარატიშვილის რომანის მიხედვით ოსკაროსანი პროდიუსერები სერიალს გადაიღებენ

64ae4f69a47b7
გიორგი არონია
12.07.23 11:11
1467

გერმანულენოვანი ქართველი ავტორის, ნინო ხარატიშვილის რომანის “მერვე სიცოცხლის” მიხედვით სერიალს გადაიღებენ, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Hollywood Reporter-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, რომანის სატელევიზიო ადაპტაციაზე რამდენიმე ოსკარისა და ემის ჯილდოს მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ, რომელთა ფილმოგრაფიაში, უმეტესწილად, სწორედ ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებს ვხვდებით. გავრცელებული ინფორმაციით, სერიალი ინგლისურენოვანი იქნება და მის გადასაღებად პროდიუსერებმა ბერლინ-ბრანდენბურგის კინოცენტრის დაფინანსება მოიპოვა, რამაც გადაღების პროცესი უნდა დააჩქაროს.

ნინო ხარატიშვილის რომანი, რომელსაც პროდიუსერები 21-ე საუკუნის “ომსა და მშვიდობას” უწოდებენ, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მაგალითია, რომელიც, ერთი ოჯახის ექვსი თაობის თავგადასავლებს გვიყვება. როგორც ნინო ხარატიშვილის ქართული გამომცემლის, “ინტელექტის” ანოტაციაში ვკითხულობთ, “რომანი 1900 წელს, შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება.” მოგვიანებით, ნარატივი ერთი საუკუნის შემდეგ, 2006 წლიდან გრძელდება, როცა პროტაგონისტის შვილთაშვილი საცხოვრებლად ბერლინში გადადის.

წიგნის ეკრანიზაციის ფაქტს გამოეხმაურა თავად ავტორიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთი სული აქვს, გმირებს ეკრანებზე როდის იხილავს. “ძალიან მოხარული და მადლიერი ვარ, რომ ეს შესანიშნავი ადამიანები “მერვე სიცოცხლეს” კიდევ ერთ სიცოცხლეს შესძენენ. ერთი სული მაქვს, ჩემი გმირები ეკრანებზე ვიხილო. ეს გასაოცარი ოდისეაა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდი და ის, რომ ახლა, ეს ყველაფერი მატერიალიზდება და სარა [ლამბერტი - სერიალის პროდიუსერი] წიგნს სხვა განზომილებაში გადაიყვანს, მომავლის მიმართ სიხარულითა და იმედით განმაწყობს”.

ცნობისთვის: ნინო ხარატიშვილის 1196-გვერდიანი რომანი “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” პირველად 2014 წელს, გერმანულ ენაზე გამოიცა, ხოლო ქართულენოვანი თარგმანი, რომელზეც ნინო ბურდულმა იმუშავა, გამომცემლობა “ინტელექტმა” 2019 წელს გამოსცა. 2020 წლის კი, რომანი “ბუკერის საერთაშორისო ჯილდოს” გრძელ სიაში მოხვდა. თავად ნინო ხარატიშვილი 1983 წელს, თბილისში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით, საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც დრამატურგად მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები