ავტორი: სალომე ზაალიშვილი
დააკავეს 19 წლის ტეხასელი ჯოშუა ვავრინი, რომელმაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ნიუ იორკში მდებარე მეტროპოლიტენის მუზეუმში რამდენიმე ნახატს წყალი შეასხა და ჩამოგლიჯა.

New York Post-ის თანახმად, ვავრინმა ორ ნახატს გადაასხა წყალი - ფრანგი მხატვრის ჟან ავგუსტ დომინიკ იგნესის XIX საუკუნის ნამუშევარს Princesse de Broglie და ჯიროლამო დაი ლიბრის XVI საუკუნის ნამუშევარს მადონა ჩვილთან და წმინდანებთან. მან ასევე ორი გობელენი ჩამოხია მუზეუმის კედლებიდან, რომელთა შესახებაც მუზეუმს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
პოლიციის თქმით, თითო ნახატზე მიყენებული ზარალი 1000 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა მუზეუმის მხრიდან ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
მუზეუმის განცხადებით, “ორშაბათ საღამოს, მუზეუმის ვიზიტორი არასათანადო ქცევისთვის იქნა მუზეუმიდან გაძევებული, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მადლობას ვუხდით ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტს, მუზეუმის ვიზიტორების და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის".
ვავრინს ვანდალიზმის ფაქტზე ბრალს მანჰეტენის სასამართლო წაუყენებს, თუ რა სასჯელი ელის ახალგაზრდას ჯერ უცნობია.




























