მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა 24/7-ზე მუშაობას განიხილავს

უოლ-სტრიტი

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ, შესაძლოა, 24/7-ზე იმუშაოს. კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ამ იდეას NYSE-ის ხელმძღვანელობა ბირჟის მონაწილეებთან განიხილავს. Financial Times-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ მონაწილეებს კითხვარი გაუგზავნა, რომლითაც სურს გაიგოს, არსებობს თუ არა მუდმივი ვაჭრობის მიმართ ინტერესი და თუ კი, რა წარმოუდგენიათ ბაზრის მონაწილეებს ფასების დამატებითი მერყეობისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად.

დღეს, ბირჟაზე ვაჭრობა დღის კონკრეტულ შუალედში არის ნებადართული, რაც ბირჟაზე ვაჭრობის სათავეებს უკავშირდება. მე-18 საუკუნეში, ელექტროენერგიას ფაქტობრივად არავინ იყენებდა, შესაბამისად ღამის საათებში ვაჭრობა არაპრაქტიკული იყო, რადგან ბროკერები უშუალოდ სავაჭრო ოთახში იკრიბებოდნენ. დროსთან ერთად, ვაჭრობამ ინტერნეტში გადაინაცვლა, ხოლო ბირჟის გახსნისა და დახურვის დროის არსებობა, გარკვეულწილად, არაპრაქტიკული გახდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ დაჩქარდა, როცა კრიპტობირჟაზე ვაჭრობის პოპულარობამ იმატა - ამ ტიპის ბირჟები კი, მოგეხსენებათ, არასდროს იხურება.

ამ დროისთვის, ყველა ამერიკული ბირჟა კონკრეტულ სამუშაო გრაფიკს არის მორგებული, მაგრამ ამ მიდგომის შეცვლა ამერიკულ 24 Exchange-ს სურს. ამ სტარტაპმა, რომლის ერთ-ერთი ინვესტორი მილიარდერი ფინანსისტი სტივ კოენია, 24/7-ზე გახსნილი პირველი ბირჟის შესაქმნელად აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიას უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად გერი გენსლერის უწყებას, რამდენიმე თვე აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები