ამერიკულმა ფინანსურმა პლატფორმა Robinhood-მა საცალო ინვესტორებისთვის ავტონომიური ვაჭრობის ახალი პროდუქტი წარადგინა. კომპანია მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის აგენტების მიერ მართულ ანგარიშებს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ AI-ტრეიდინგ ბოტი საფონდო და კრიპტობირჟებზე ავტომატურად ივაჭრებს.
პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორის, ვლად ტენევის განცხადებით, ეს შესაძლებლობა აქამდე მხოლოდ ჰეჯ-ფონდებისთვის და მსხვილი ბანკებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ახლა ის უკვე საცალო ინვესტორებისთვისაც ნებადართულია.
სავაჭრო პლატფორმაში ინტეგრირებულ AI-აგენტებს ბაზრის მონიტორინგი და ტრანზაქციების დამოუკიდებლად შესრულება შეეძლებათ. აპლიკაციაში ვაჭრობის დადასტურების ფუნქცია ავტომატურად ჩართულია, თუმცა ინვესტორებს მისი გათიშვა და აგენტებისთვის სრული ავტონომიის მინიჭებაც შეუძლიათ. ამასთან, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენებს მხოლოდ იმ იზოლირებულ ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს, რომლებზეც წვდომა თავად მომხმარებლებმა დაუშვეს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საწყის ეტაპზე პლატფორმაში Anthropic-ისა და OpenAI-ის მოდელები ჩაერთვება.
რაც შეეხება პროცესის დეტალებს, ახალი ანგარიშები მომხმარებლებისთვის მომდევნო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად გააქტიურდება.
რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განხორციელებულ ტრანზაქციებზე პასუხისმგებლობა თავად ინვესტორებს ეკისრებათ. შესაბამისად, თუ AI-ბოტი კაპიტალს დაკარგავს, ამაზე კომპანია პასუხისმგებლობას არ აიღებს და რისკი 100%-ით მომხმარებლის მხარეს იქნება.
























