ნიუ-იორკის შტატმა კრიპტობირჟების, Coinbase-ისა და Gemini Exchange-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ კომპანიების საპროგნოზო ბაზრები ლიცენზიის გარეშე მოქმედი უკანონო კაზინოები არიან.
გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის განცხადებით, აღნიშნული სერვისი ახალგაზრდებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რისკის ქვეშ აყენებს და არ გააჩნია ის აუცილებელი დამცავი მექანიზმები, რომლებსაც სახელმწიფო კანონმდებლობა მოითხოვს. სარჩელი მანჰეტენის სასამართლოში სამშაბათს შევიდა და მისი მიზანია, აუკრძალოს კომპანიებს შტატის ტერიტორიაზე ოპერირება მანამ, სანამ ისინი სათამაშო ბიზნესის კომისიისგან შესაბამის ნებართვას არ მიიღებენ.
სასამართლო დავის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი საგადასახადო ვალდებულებებსა და ასაკობრივ შეზღუდვებს ეხება. ნიუ-იორკის კანონმდებლობით, ლიცენზირებული კაზინოები და სპორტული ფსონების ოპერატორები მთლიანი შემოსავლის 51%-ს გადასახადების სახით იხდიან, Coinbase-ი და Gemini კი ამ ვალდებულებას თავს არიდებენ.
გარდა ამისა, შტატში აზარტული თამაშები 21 წლამდე პირებისთვის აკრძალულია, ხსენებული პლატფორმები კი 18 წლის მომხმარებლებსაც რთავენ ნებას, დადონ ფსონები ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა საფეხბურთო მატჩების შედეგები, ნავთობის ფასი ან ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის დანიშვნის თარიღი. კომპანიები ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა არა აზარტულ თამაშებზე ფსონის დადება, არამედ მოვლენებზე დაფუძნებული კონტრაქტების გაფრომებაა, რაც ფედერალური რეგულატორის, CFTC-ის იურისდიქციაში შედის.
აღსანიშნავია, რომ საპროგნოზო ბაზრების გარშემო სამართლებრივი ბრძოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მსგავსი დავები უკვე დაწყებულია არიზონაში, კონექტიკუტსა და ილინოისში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად ლეტიცია ჯეიმსი არაერთხელ გამხდარა ფსონების ობიექტი Polymarket-სა და Kalshi-ზე, სადაც მომხმარებლები მის შესაძლო ხელახალ არჩევაზე ან მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნაზე დებენ ფსონებს.




























