მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკმა მონაცემთა მსხვილი ცენტრების მშენებლობაზე მორატორიუმი დააწესა

GIP

ნიუ-იორკი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შტატი, რომელმაც მონაცემთა ახალი მსხვილი ცენტრების მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი დააწესა.

არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა გავრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა ენერგომოხმარებაც 50 მეგავატს ან მეტს შეადგენს. როგორც ირკვევა, შტატის გუბერნატორმა, ქეთი ჰოჩულმა გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე გაზრდილი რისკების გამო მიიღო.

მისი განმარტებით, ტექნოლოგიური სექტორის სწრაფი განვითარება კომუნალურ ხარჯებს ზრდის და ბუნებრივ რესურსებს საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ მორატორიუმის ძალაში ყოფნის განმავლობაში შტატის გარემოს დაცვის დეპარტამენტი შეაჩერებს იმ ლიცენზიების გაცემასაც, რომელთა განხილვაც დასრულებული არ არის. მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, გუბერნატორმა უწყებებს გარემოზე ზემოქმედების შესახებ სპეციალური დოკუმენტის შემუშავებაც დაავალა. ეს ინიციატივა კი მიზნად ახალი ობიექტების საქმიანობისთვის ერთიანი სტანდარტების დადგენას ისახავს. გუბერნატორის თქმით, კრიტერიუმების საბოლოო დამტკიცების შემდეგ, შტატი დაწესებულ შეზღუდვას გააუქმებს.

საყურადღებოა, რომ შტატის ხელმძღვანელობა სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენასაც გეგმავს, რომელიც მონაცემთა მსხვილი ცენტრებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარება მონაცემთა დამუშავების სიმძლავრეების გაფართოებას მოითხოვს. ეს პროცესი კი ელექტროენერგიისა და წყლის რესურსების მოხმარების მკვეთრ ზრდას იწვევს და რიგით მომხმარებლებს გადასახადებს უზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები