მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიუ იორკში აზიური ხელოვნების კვირეული ჩატარდა - შედეგები

1 Asia week New York
22.09.25 18:35
204

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ნიუ იორკში აზიური ხელოვნების კვირეული გაიმართა, რომელშიც არაერთი აზიური ხელოვნების მუზეუმი და კულტურული ცენტრი იღებდა მონაწილეობას. რამდენიმე მსხვილმა სააუქციონო სახლმა კი როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ აუქციონი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ბაზარი არასტაბილურია, აუქციონების შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია; ლოტების უმრავლესობა სავარაუდო გასაყიდ ფასზე რამდენიმეჯერ უფრო ძვირად გაიყიდა, რაც იმას ცხადყოფს, რომ აზიურ ხელოვნებასა და ანტიკვარიატზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება.

Sotheby’s-ის მიერ გაყიდული ცინგის დინასტიის პერიოდის ლარნაკის მოხატულობა

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი აზიური კვირეულის ფარგლებში ყოველ წელს რამდენიმე აუქციონს ატარებს, მათ შორის სეზონის ყველაზე დიდ აუქციონის, სახელწოდებით - “ჩინური ხელოვნება” - გაყიდული ლოტების ჯამურმა თანხამ $40.9 მილიონი შეადგინა.

Sotheby’s-ის აზიური კვირეულის ფარგლებში ყველაზე ძვირად გაყიდული ნივთი ჩინეთის უკანასკნელი დინასტიის ცინგის პერიოდის ლარნაკია, რომლის საბოლოო ფასიც 2.6 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინასწარ სავარაუდო ფასზე 5-ჯერ მეტია. ამ პერიოდის კერამიკისთვის დამახასიათებელია ფერების დიდი ვარიაცია და მოხატულობის ტექნიკური კომპლექსურობა.


Untitled (1984)

ვასუდეო ს. გაიონე

Christie’s-ის სააუქციონო სახლის მიერ, კვირეულის ფარგლებში, ორი ფიზიკური აუქციონი ჩატარდა; კვირეულის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი 17 სექტემბერს ჩატარებულ სამხრეთ აზიური თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების აუქციონის ფარგლებში გაიყიდა. ინდოელი წარმოშობის ვასუდეო ს. გაიონეს ნამუშევრის - Untitled (1984) საბოლოო ფასი 2,393,000 აშშ დოლარი იყო.


“შებოჭილი ხარი” (Trussed Bull) (1994)

ტიებ მეჰთა

აუქციონის მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი ტიებ მეჰთას “შებოჭილი ხარი” (Trussed Bull) (1994) 2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. მოდერნისტი ინდოელი მხატვარი ტიებ მეჰთა პირველი ინდოელი წარმოშობის მხატვარია, რომლის ნამუშევრის ფასმა ერთ მილიონს გადააჭარბა. Mahisasura (1997) 2005 წელს Christie’s-ის აუქციონზე 1.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

მინგის დინასტიის პერიოდის მაგიდა

Christie’s-ის აზიური ხელოვნების კვირეულის ფარგლებში გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ავეჯი მინგის დინასტიის პერიოდის მაგიდაა, რომელიც სავარაუდო ფასზე 10-ჯერ უფრო ძვირად - 3,369,000 აშშ დოლარად გაიყიდა.

ლურჯი კობალტით მოხატული ლარნაკი

Bonhams-ის აზიური კვირის ყველაზე ძვირად გაყიდული ნივთი კი ლურჯი კობალტით მოხატული ლარნაკი იყო, რომლის საბოლოო ფასიც 1,754,500 აშშ დოლარი იყო. სააუქციონო სახლის პრესცენტრის განცხადებით აზიური ხელოვნების კვირეული Bonhams-ისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. აუქციონზე - “მნიშვნელოვანი ჩინური კერამიკა და ხელოვნების ნივთები” ლოტების 82% გაიყიდა, ლოტების ჯამურმა ფასმა კი 6.55 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები