მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" და "აითიენი" ₾70 000-ით დაჯარიმდნენ - GCCA

კონკურენციის

2025 წლის IV კვარტალში "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" და "აითიენი" მიერ კონცენტრაციის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის (GCCA) შეუტყობინებლობის გამო, ჯამში 70 000 ლარით დაჯარიმდნენ. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

GCCA-ს ცნობით, 2025 წლის IV კვარტალში, სააგენტომ 3 შემთხვევაში კანონის მოთხოვნების დარღვევისა და კონცენტრაციების სააგენტოსათვის შეტყობინების წარდგენის გარეშე განხორციელების ფაქტი გამოავლინა. საუბარია: შპს „აითიენის“ მიერ შპს „ჰორეკა დელივერის" 20%-იანი წილის; ასევე, შპს „აითიენის“ მიერ შპს „გასტრონომ საქართველოს“ 20%-იანი წილის და ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“40%-იანი წილის შეძენის ფაქტებზე.

"სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული სამი კონცენტრაციის ფაქტზე შესაბამისი ვალდებულების მქონე პირებს ["ნიუ ვიჟენ საქართველოს და "აითიენს"] ჯამურად 70 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

აღნიშნული სამი შემთხვევიდან ორში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირი იდენტური იყო. მათ განხორციელებული კონცენტრაციების თაობაზე შეტყობინების სააგენტოში წარდგენა დაევალათ.

დარღვევები დადგინდა შპს „აითიენის“ მიერ შპს „ჰორეკა დელივერისა“ და შპს „გასტრონომ საქართველოს“ 20%-იანი წილების შეძენის, ასევე ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ (ახლა უკვე შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი-მცხეთა“) 40%-იანი წილის შეძენის ფაქტებზე", - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში. თუმცა, სააგენტო არ აღნიშნავს, თითოეულის შემთხვევაში ჯარიმა რამდენია.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირები ჯარიმდებიან. GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

მათივე ინფორმაციით, GCCA-ის მიერ 2025 წელს თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე, 1-შეტყობინებასთან დაკავშირებით კი საქმის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია.

ცნობისთვის, ბიზნეს რეესტრის მიხედვით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" 2013 წლის აპრილშია დაფუძნებული. მას აკადემიური საბჭო მართავს, რომლის თავმჯდომარე, ამავე დროს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ბარკალაიაა.

შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ (ახლა უკვე შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი-მცხეთა“) 40%-იანი წილის შეძენაზე "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა" 2025 წლის ოქტომბერში შეიტანა განაცხადი. აიპ-მა 25%-იანი წილი გელა გოგიშვილისგან, ხოლო 15%-იანი წილი ნიკოლოზ ჭელიძისგან შეიძინა. დღეისთვის, წილები ასეა გადანაწილებული: გელა გოგიშვილი - 50%, ნიკოლოზ ჭელიძე - 10%, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი - 40%.

შპს "აითიენ" ასევე 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი 100%-იანი წილის მმართველი არტურ ტოროსიანია, ხოლო დირექტორი მარიამ დავრაშელიძეა.

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც "აითიენს" შეერწყა - დღეისთვის „ჰორეკა დელივერისა“ და შპს „გასტრონომ საქართველოს“ 20%-იან წილებს უკვე კომპანია "აითიენი" ფლობს. შერწყმის პროცესი 2025 წლის დეკემბერში დასრულდა. პირველი კომპანიის შემთხვევაში დარჩენილი 80%-იანი წილის მფლობელი გურამ რომელაშვილია და ეს კომპანია 2020 წელს არის დაფუძნებული. "გასტრონომ საქართველო" კი 2019 წელს დაფუძნდა და მისი 80%-იანი წილის მფლობელი ლუიზა ბერიანიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები